მაიორი ლაშა ოდილავაძე: გიორგი კვინიტაძის ნეშტის ჩამოსვენება პრემიერის ძალისხმევით მოხდება, რაც უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა

საქართველოს ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს საქართველოში, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევით, 22 მაისს ჩამოასვენებენ. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნულ იდეას მხარი ჯერ კიდევ მისი თავდაცვის მინისტრობის პერიოდში დაუჭირა და, გენერლის ოჯახთან კონსულტაციების შემდეგ, შესაბამისი პროცედურებიც დაიწყო.

სამხედრო წრეებში ინიციატივას დადებითად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ ღვაწლმოსილი ქართველის სამშობლოში დაკრძალვა მნიშვნელოვანი მოვლენაა.
გენერალ გიორგი კვინიტაძის ცხოვრების შესახებ „კვირას“ წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის G-3 სამსახურის შეფასების განყოფილების უფროსი, მაიორი ლაშა ოდილავაძე ესაუბრა.

„გიორგი კვინიტაძე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დაუმარცხებელი გენერალი იყო. ძალიან დიდი ღვაწლი მიუძღვის ჩვენი არმიის, შეირაღებული ძალების ჩამოყალიბებაში. ძალიან დიდი წვლილია მისი იმ სასწავლებლის ჩალოყალიბებაში, რომელსაც მაშინდელი საქართველოსთვის უნდა მიეცა უმცროს და უნტეროფიცერთა შემადგენლობა და, რაც მთავარია, თავად ედგა სათავეში ამ სასწავლებელს, როგორც ხელმძღვანელი. გენერალ კვინიტაძეს ძალიან დიდი ყურადღებით ადევნებდნენ თვალს მაშინდელი რუსეთის სადაზვერვო სამსახურები. მას ახასიათებდნენ, როგორც ფიცხს, მამაცსა და ჭკვიან მეთაურს. მან კარგად იცოდა ჯარისკაცის ფსიქოლოგია და იყო დიდი მოტივატორი. ის იყო ერთ-ერთი იმ ოფიცერთაგანი, ვინც შეინარჩუნა ჯარში წესიერება არა მხოლოდ მშვიდობიანობის, არამედ – ფრონტის ხაზზეც. ბრძოლაში იყო ძალიან უშიშარი და შეეძლო მასების მართვა, მათი გამხნევება. მისი პიროვნების დახასიათებაში მნიშვნელოვანი დეტალია, რომ მას შემდეგ, რაც მოხდა საქართველოს ოკუპაცია რუსეთის მიერ, იგი წავიდა ემიგრაციაში და გამოცდილი ოფიცერი არცერთ შეიარაღებულ ძალებთან არ თანამშრომლობდა. მისი მთელი საქმიანობა მიძღვნილი იყო მხოლოდ დამოუკიდებელი საქართველოსთვის“, – აღნიშნავს ოდილავაძე.
მაიორი „კვირასთან“ პრემიერის ძალისხმევას გიორგი კვინიტაძის ნეშტის სამშობლოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან მოვლენად აფასებს. როგორც ის აღნიშნავს, ირაკლი ღარიბაშვილისვე ინიციატივით, გასული წლის სექტემბერში თავდაცვის სამინისტროს ფოიეში გმირის ბიუსტიც დაიდგა.

„გიორგი კვინიტაძის ნეშტის ჩამოსვენება პრემიერის ძალისხმევით მოხდება, რაც უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა. ქართველ ხალხს ექნება საშუალება, რომ პატივი მიაგოს გენერლის ხსოვნას.
ირაკლი ღარიბაშვილისვე ინიციატივით, მოხდა გენერალ კვინიტაძის ბიუსტის განთავსება თავდაცვის სამინისტროს ფოიეში. ნიშანდობლივია, რომ ეს ბიუსტი საარქვივო მასალებზე დაყრდნობით შეიქმნა“, – ამბობს მაიორი.

ლაშა ოდილავაძე დასძენს, რომ ეროვნული გმირების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მომავალი თაობებისთვისაა, რადგან მათ პატრიოტული სულისკვეთება ჩამოუყალიბდეთ.

„ცნობიერების ამაღლებისთვის ეროვნული გმირების ისტორიის პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით საჭიროა მოზარდებისთვის, იმ ასაკში, როცა ყალიბდება პატრიოტიზმი. აუცილებელია, რომ გმირების ცხოვრებას გაეცნონ, მათ ისტორიას, მოხდეს გმირების ცხოვრების წესის გასაჯაროება, რაც საშუალებას მოგვცემს – ახალგაზრდობისთვის სწორედ ასეთი ადამიანები გახდნენ მისაბაძი მაგალითები”,- ამბობს მაიორი. 

გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს სამშობლოში 22 მაისს ჩამოასვენებენ. მოქალაქეებს ეროვნული გმირისთვის პატივის მიგება 22-დან 26 მაისის ჩათვლით სამების საკათედრო ტაძარში შეეძლებათ. 26 მაისს კი გენერალ კვინიტაძეს, სამხედრო პატივით, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები