საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე საქართველოს უზენაეს სასამართლოში სასამართლოს მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს უზენაეს სასამართლოში სასამართლოს მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს გენერალური პროკურორი – ირაკლი შოთაძე და პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრეზენტაციაზე თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოებში სისხლის სამართლის საქმეებზე განხორციელებული მონიტორინგის შედეგების შესახებ ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის რეზიდენტი მრჩევლის ერთობლივი პროგრამის ანგარიში იყო წარმოდგენილი. საქართველოს გენერალურმა პროკურორმა საპროკურორო საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებისთვის მონიტორინგის შედეგების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და არაერთი მიმართულებით პროკურატურის პროგრესსა და მართლმსაჯულების პროცესის გაუმჯობესების მიზნით უწყების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, რომ კოვიდ პანდემიის პირობებში დისტანციური სამართალწარმოების შეუფერხებლად განხორციელების კუთხით უწყების მიერ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. გენერალურმა პროკურორმა სისხლის სამართლის საქმის წარმოების ახალი ელექტრონული სისტემის დანერგვაზე, სისხლის სამართალწარმოების პროცესის მაქსიმალური გაციფროვნებისა და დაცვის მხარესთან მტკიცებულებების ელექტრონულად გაცვლის უზრუნველსაყოფად პროკურატურის აქტიურ მუშაობაზე, პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით განხორციელებულ სასწავლო აქტივობებზე ისაუბრა. მისივე თქმით, პროკურატურა აქტიურად მუშაობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებზე, რომლის მიზანი მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობაა. აღსანიშნავია, რომ ჩატარებულმა მონიტორინგმა სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის განხორციელების პროცესში არსებული პოზიტიური ტენდენციები გამოავლინა.
მონაწილეებმა საქართველოში მართლმსაჯულების პროცესის გაუმჯობესების მიზნით საჭირო პრაქტიკულ რეკომენდაციებზე, საპროცესო კანონმდებლობის დახვეწის საჭიროებასა და ამ მიმართულებით შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობაზე იმსჯელეს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები