დევი კანდელაკი: ენერგეტიკის რეფორმას დადებითად ვაფასებ, მთავარია, არ ვიჩქაროთ, ტექნიკური საკითხებია გადასაწყვეტი

“ენერგეტიკული ბირჟა, დღიური ბაზარი – ეს ყველაფერი, ვფიქრობ, დადებითი იქნება”, – ამის შესახებ კომპანია ,,თელასის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, დევი კანდელაკმა ენერგეტიკის რეფორმაზე საუბრისას ,,კვირას” განუცხადა.

კანდელაკი რეფორმას დადებითად აფასებს.

,,ენერგეტიკის რეფორმას დადებითად ვაფასებ, მთავარია, არ ვიჩქაროთ, ტექნიკური საკითხებია გადასაწყვეტი. ყველაფერი ორგანიზებული ჯობს არაორგანიზებულს. ევროპისკენ მივდივართ. ის წესები, თუნდაც ელექტროენერგიით ვაჭრობის წესები, რაც ევროპულ ბაზარზეა, ჩვენთვისაც მისაღები იქნება. თუმცა, ჩვენ არ ვართ ევროპის ცენტრში, ვართ ცალკე სახელმწიფო – ევროპული ელექტროსისტემისგან იზოლირებული. რაც შეეხება ენერგეტიკულ ბირჟას, დღიურს ბაზარს – ეს ყველაფერი, ვფიქრობ, დადებითი იქნება,” – განაცხადა დევი კანდელაკმა.

,,თელასისა” და ,,ენერგოპროსგაყოფის შესახებ კანდელაკმა აღნიშნა, რომ ეს საშუალებას მისცემს თუნდაც ,,თელასს”, ქსელში რამდენიმე მიმწოდებელი ჰყავდეს.

,,თელასი” მონოპოლისტი იქნება და ბაზარზე იქნება საშუალება, ,,თელასის” ქსელში რამდენიმე მიმწოდებელი არსებობდეს. შესაძლოა, ორ მეზობელს სხვადახვა მიმწოდებელი ჰყავდეს, თუმცა, ქსელი ერთ კომპანიას ეკუთვნის, აქაც კონკურენცია გაიზრდება.

ჯამურად, კმაყოფილი ვარ, რომ მიდის დისკუსია, ჩვენს მოსაზრებებსაც ითვალისწინებენ და თუ არ ითვალისწინებენ, ამასაც დასაბუთებულად ხსნიან,” – განაცხადა კანდელაკმა.

ცნობისთვის, საქართველოში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, ხორციელდება ენერგეტიკული სექტორის უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომლის ამოცანაა ორგანიზებული ენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბება, ენერგეტიკის სექტორში კონკურენტული გარემოს შექმნა და მომხმარებლებისათვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. ახალი ბაზრის მოდელის კონცეფციით ბაზრის გახსნისთვის დაგეგმილი ეტაპების მიხედვით, უნდა გაიზარდოს იმ მომხმარებელთა და, ასევე, გენერაციის მოცულობის წილი, რომლებიც ვაჭრობენ ენერგეტიკულ ბაზრებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები