თამარ გაბუნია: ჯერჯერობით, ვაქცინაცია არ არის იმდენად ფართო, რომ ჩვენ მის იმედად გვქონდეს შეზღუდვების შემსუბუქების შესაძლებლობა
“ჯერჯერობით, ვაქცინაცია არ არის იმდენად ფართო, რომ ჩვენ მის იმედად გვქონდეს შეზღუდვების შემსუბუქების შესაძლებლობა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „იმედის დღეში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, 80 ათასამდე ადამიანია აცრილი.
„სინოფარმით“ ვაქცინაცია როგროც კი დაიწყო, გამოჩნდა, რომ ინტერესი ვაქცინაციის მიმართ მნიშვნელოვნად გაზრდილია მას შემდეგ, რაც მარტში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დავიწყეთ. ამ ეტაპზე, 80 ათასამდე ადამიანია აცრილი.
ჯერჯერობით, ვაქცინაცია არ არის იმდენად ფართო, რომ ჩვენ მის იმედად გვქონდეს შეზღუდვების შემსუბუქების შესაძლებლობა. თუმცა იმან, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი გაუმჯობესებულია, რაც იმედისმომცემია, ასევე იმან, რომ ზაფხულია და მოსახლეობაც მზად არის გარეთ სივრცეში გაატაროს მეტი დრო, მოგვცა შესაძლებლობა, რომ დარჩენილი პერიოდი უსაფრთხოდ გავატაროთ. ზამთარში რომ ყოფილიყო ეს სიტუაცია, ჩვენ ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვას ვერ გადავწევდით.
ამ პერიოდში ჩვენი პიკური მაჩვენებელი 24 საათში 1 500-მდე ინფიცირებული აღმოჩნდა. სისტემისთვის ეს მართვადია, მთავარია, შეზღუდვების შემსუბუქებამ მატება არ გამოიწვიოს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ 30 მარტიდან, „სინოფარმით“ 4 მაისიდან.