პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების ვაქცინაცია დაიწყო
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მსჯავრდებულთა ვაქცინაცია დაიწყო.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 18 მაისს გეგუთის #14; გლდანის #8 და რუსთავის ქალთა #5 ციხეებში მყოფი მსჯავრდებულები აიცრებიან.
„ვაქცინაციის შესაძლებლობა იმ პატიმრებს აქვთ, რომლებმაც აცრის სურვილი გამოთქვეს. დღეისათვის, გეგუთში ასეთი 90 მსჯავრდებულია, გლდანში – 120, ხოლო რუსთავში – 30.
ვაქცინაციის პროცესი სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ, რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. ყოველგვარ შესაძლო გართულებასა და გვერდით მოვლენებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებისათვის პენიტენციურ დაწესებულებებთან მობილიზებული არიან რეანომობილები და რეანიმატოლოგები.
მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი ვაქცინაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით მიმდინარეობს. პროცესი, ეტაპობრივად, საქართველოს ყველა პენიტენციურ დაწესებულებას მოიცავს”, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.