დავით თვალაბეიშვილი: ენერგეტიკის რეფორმა, რომლის ამოცანა სექტორში კონკურენტული გარემოს შექმნა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაუმჯობესებაა, წარმატებით მიმდინარეობს

“ენერგეტიკის რეფორმა, რომლის ამოცანა სექტორში კონკურენტული გარემოს შექმნა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაუმჯობესებაა, წარმატებით მიმდინარეობს”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა განაცხადა

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ცალკეულ მედიასაშუალებებში გაავრცელა არასწორი და მიზანმიმართულად მიკერძოებული ინფორმაცია ამ უმნიშვნელოვანესი რეფორმის მიმდინარეობის შესახებ.

,,როგორც ცნობილია, საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება ენერგეტიკული სექტორის უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომლის ამოცანაა ორგანიზებული ენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბება, ენერგეტიკის სექტორში კონკურენტული გარემოს შექმნა და მომხმარებლებისათვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. ახალი ბაზრის მოდელის კონცეფციით ბაზრის გახსნისთვის დაგეგმილი ეტაპების მიხედვით, უნდა გაიზარდოს იმ მომხმარებელთა და, ასევე, გენერაციის მოცულობის წილი, რომლებიც ვაჭრობენ ენერგეტიკულ ბაზრებზე.

ცალსახად ვაცხადებთ, რომ ენერგეტიკული რეფორმა, პირიქით, მიმდინარეობს წარმატებით. უკვე მიღებულია ყველა მარეგულირებელი ნორმა და წესი, რომლებიც აუცილებელია ორგანიზებული ენერგეტიკული ბაზრების ფუნქციონირებისათვის. ასევე, განხორციელდა გამანაწილებელი კომპანიების გაყოფა (ანბანდლინგი) და დასასრულს უახლოვდება უნივერსალური მიმწოდებლების დაფუძნება, რაც მოსახლეობის, ასევე მცირე ბიზნესის დაცვის გარანტიაა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, სადაც ენერგეტიკული ბაზრის გახსნის მიზნით დაფუძნდა ენერგეტიკული ბირჟა, ასევე მოხდა ენერგიის ვაჭრობის ევროპული პლატფორმის ადაპტირება, ჩატარდა ენერგეტიკული ბირჟის მონაწილე კომპანიების ტრენინგები და ა.შ. ამჟამად ენერგეტიკული ბირჟა სატესტო რეჟიმში მუშაობს. ეს უმნიშვნელოვანესი სისტემა სრულფასოვნად დაახლოებით 6 თვის შემდეგ ამოქმედდება, როდესაც ქვეყნის ენერგეტიკული ბაზარი აღდგება პანდემიით გამოწვეული გავლენების განეიტრალების შედეგად“, – განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები