საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი გაიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას პროცესი გაიმართა, რომელზეც დაცვის მხარემ შესავალი სიტყვა წარმოთქვა.
ნიკა მელიას ადვოკატებმა მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე რეაგირების მოთხოვნით შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
პროკურორის თქმით, ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მომდევნო სასამართლო სხდომაზე მოხდება.
„მომდევნო სხდომაზე მოხდება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა, წარმოდგენილნი იქნებიან მოწმეები, რომლებიც ისაუბრებენ უშუალოდ იმ გარემოებებზე, რაზეც ეყრდნობა ბრალდების მხარე. რაც შეეხება დაცვის მხარის შესავალ სიტყვას, ძალიან მოკლედ და ლაკონიურად იქნა წარმოდგენილი დაცვის მხარის მიერ, ორი სამი წინადადებით. შესავალი სიტყვა უნდა მიმოიხილავდეს დაცვის მხარის გარკვეულ მტკიცებულებებსა და პოზიციას. ჩვენ მსგავსი არ მოგვისმენია. მათ განაცხადეს, რომ წინა მოსმენის დროს საქმის განხილვისას მოხდა ამ შესავალი სიტყვის წარმოთქმა, თუმცა, კვალიფიციური ადვოკატები არიან და მოეხსენებათ, რომ შესავალი სიტყვა უნდა უყოს წარმოდგენილი მოსამართლის წინაშე ზეპირად“, – აღნიშნა გულუაშვილმა.
სასამართლო პროცესი 21 მაისს მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება. დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა ნიკა მელია, რომელიც სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამო მოსამართლემ 13 აპრილს გააძევა.