ვლადიმერ ბოჟაძე მელიას, სააკაშვილისა და უგულავას სარჩელებზე: უდიდესი ცინიზმია, როდესაც მკვლელობებში, ხალხის თანხების ფლანგვასა და ათას საზიზღრობაში გასვრილი ადამიანები მიდიან სტრასბურგში და საკუთარ ქვეყანას უჩივიან
“უდიდესი ცინიზმია, როდესაც მკვლელობებში, ხალხის თანხების ფლანგვასა და ათას საზიზღრობაში გასვრილი ადამიანები მიდიან სტრასბურგში და საკუთარ ქვეყანას უჩივიან”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სააკაშვილის სისტემამ, რომელმაც მოკლა გირგვლიანი, ხოლო შემდეგ მან სანდროს მკვლელები შეიწყალა, მიდის სტრასბურგში და იწყებს მტკიცებას, რომ მას ქვეყანაში არ მიეცა სამართლიანი სასამართლოს უფლება.
,,პოლიტიკური უტიფრობის ამაზე დიდი დონე და ხარისხი მე პირადად აქამდე არასოდეს მინახავს. სააკაშვილის სისტემამ, რომელმაც მოკლა გირგვლიანი, ხოლო შემდეგ მან სანდროს მკვლელები შეიწყალა, სასიკვდილოდ გაიმეტა ვალერი გელაშვილი, გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი მილიონები, დაარბია მიტინგები და სასტიკად გაუსწორდა თავის ხალხს, მიდის სტრასბურგში და უსინდისოდ იწყებს მტკიცებას, რომ მას ქვეყანაში არ მიეცა სამართლიანი სასამართლოს უფლება. ავიწყდება, რომ ის ყველაზე დიდმა მსაჯულმა, ხალხმა გაასამართლა და სტრასბურგი კი არა, ალბათ, მთელი ცხოვრება რომ კელიაში გაატაროს, ეგ მონანიებაც არ უშველის. მეორე უტიფარი უგულავა, რომელმაც თავად აღიარა – 50 მილიონი მოვიპარე ბიუჯეტიდანო, საკუთარ ქვეყანას უჩივის. აი, მესამე უტიფარი, პოლიტკრიმინალი მელია იმასაც კი ვერ ბედავს, რომ ყველაფერს თავის სახელი დაარქვას და ქართველ ხალხს ეუბნება, არა საქართველოს, არამედ ,,ქართულ ოცნებას” ვუჩივიო. უდიდესი ცინიზმია, როდესაც მკვლელობებში, ხალხის თანხების ფლანგვასა და ათას საზიზღრობაში გასვრილი ადამიანები მიდიან სტრასბურგში და საკუთარ ქვეყანას უჩივიან. და გგონიათ, რომ ამას ქართველი ხალხი ვერ ხვდება? ხვდება კი არა, ხარს რომ წითელს აუფრიალებ, ისეა თქვენი საქმე. მიდით, იძახეთ, რომ არც გირგვლიანი მოგიკლავთ, არც მიტინგები დაგირბევიათ და არც სხვა კრიმინალი ჩაგიდენიათ, მოვა არჩევნები მალე და, აი, ამ უტიფრობის გამო პასუხს აუცილებლად მიიღებთ”, – წერს ბოჟაძე.