გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს წევრებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან გიორგი ახვლედიანთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავის აღსანიშნავად, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
საკრებულოს თავმჯდომარემ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცა, მათ ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.
„9 მაისი დიდი გამარჯვების დღეა. დღე, რომელსაც ყოველწლიურად განსაკუთრებული პატივისცემით აღვნიშნავთ და ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში გმირულად დაღუპულთა ხსოვნას პატივს მივაგებთ. მეორე მსოფლიო ომში ჩვენ ბევრი სახელოვანი გმირი დავკარგეთ. ამ დიდი გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაზე დიდი მსხვერპლი სწორედ ქართველებმა გაიღეს, რომელთა ღვაწლიც ფასდაუდებელია სამშობლოს წინაშე. მათი გმირობა დავიწყებას არასდროს მიეცემა.
განსაკუთრებული სითბოთი და პატივისცემით, ვულოცავ დღევანდელ დღეს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს. ვუსურვებ მათ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.