დავით მათიკაშვილი: პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მან საკითხის სიღრმისეული ცოდნა გამოავლინა
პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მან საკითხის სიღრმისეული ცოდნა გამოავლინა. ეს კანონპროექტები პარლამენტში მხოლოდ მას შემდეგ დაინიცირდა, რაც ოპოზიციამ აიღო ვალდებულება, პარლამენტში შემობრძანებულიყო, – ასე შეაფასა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომელმაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები არ შეაჩერა.
„მიუხედავად აღებული ვალდებულებისა, ოპოზიციის მხოლოდ მცირე ნაწილი დაინტერესდა ამ საკითხებით. რა თქმა უნდა, ოპოზიციის წარმომადგენლებს ნებისმიერი კანონპროექტის ინიცირების უფლება გააჩნიათ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების მიღებას ძალიან მყარი არგუმენტაცია გააჩნია. ამ არგუმენტაციის საწინააღმდეგოდ, ჯერჯერობით, არაფერი მოგვისმენია. საინტერესო იქნება ნებისმიერი კანონპროექტი ნებისმიერი არგუმენტაციით“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
7 მაისს სალომე ზურაბიშვილმა მისთვის მინიჭებული უფლება არ გამოიყენა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ვეტო არ დაადო.