შსს-ს თანამშრომლებისთვის თანამედროვე მენეჯმენტის საკითხებზე ტრენინგების ციკლი ჩატარდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის თანამედროვე მენეჯმენტის საკითხებზე ტრენინგების ციკლი ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრულო პოლიცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სწავლების ფარგლებში, სასწავლო კურსის მონაწილეები გაეცნენ ლიდერობისა და მენეჯმენტის თანამედროვე თეორიებს, კრიზისული სიტუაციის მართვასა და ორგანიზაციულ კულტურასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ტრენინგს ბრიტანელი ექსპერტი, ტერი სკაიფი უძღვებოდა.
,,სასწავლო კურსი პროექტის – “ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოში სისხლის სამართლის პოლიტიკის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების განვითარებისთვის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერა – EU4JUSTICE” – ფარგლებში ჩატარდა.
ტრენინგის დახურვის ცერემონიას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე დაესწრო და სწავლების მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.
პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2016 წლიდან ხორციელდება. მისი მიზანია სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მხარდაჭერა, კოორდინაცია და მონიტორინგი, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებისა და ვალდებულებების გათვალისწინებით, პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფორმების განხორციელების პროცესის ხელშეწყობა,”- ნათქვამია ინფორმაციაში.