ჯანდაცვის სამინისტრო პარლამენტის წევრების ვაქცინაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს 20-მდე დეპუტატი „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა.
იმუნიზაციის პროცესს თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე გაეცნო.
მინისტრმა პარლამენტის წევრებს იმუნიზაციის პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ვაქცინაციის პროცესში საკანონმდებლო ორგანოსა და დეპუტატების ჩართულობა იმუნიზაციის პროცესს კიდევ უფრო მეტად გაააქტიურებს.
„საქართველოში ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. საზოგადოების მზაობა და სანდოობა ვაქცინაციის პროცესთან მიმართებით იზრდება. მნიშვნელოვანია როგორც სამსახურებრივი ჩართულობა, ასევე – ბიზნესსექტორის ჩართულობაც, ვინაიდან თითოეული ჩვენი მოქალაქის სოციალური და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა დღესდღეობით გამოიხატება სწორედ პირბადის ტარებაში, სოციალური დისტანციის დაცვასა და ასევე ვაქცინაციის პროცესში აქტიურ ჩართულობაში. მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის გახდება მაგალითი საზოგადოებისთვის. ვაკვირდებით, რომ ბოლო პერიოდში აქტიურია მინისტრების ჩართულობა ვაქცინაციის პროცესში. ასევე, რა თქმა უნდა, საკანონმდებლო ორგანოსა და დეპუტატების ჩართულობა ამ პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი“,– განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია საქართველოში 27 აპრილს დაიწყო.
აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 15 22.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას!