საქართველოს რკინიგზა: თბილისი–ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი მატარებლის მეოთხე ვაგონი ლიანდაგს აცდა, მიმდინარეობს შემთხვევის მოკვლევა
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ხაშური ზესტაფონის მონაკვეთზე, სოფელ მარელისთან თბილისი–ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი მატარებლის მეოთხე ვაგონი ჯერჯერობით დაუზუსტებელი მიზეზების გამო, ლიანდაგს აცდა ორი გორგოწყვილით.
მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ ეტაპზე კომპანიის მთავარი საზრუნავი მგზავრების უსაფრთხოება და მათი სხვა მატარებელში გადაყვანაა. კომპანიამ დამატებითი მატარებელი მარელისში უკვე გაგზავნა. საქართველოს რკინიგზა წუხს მომხდარის გამო და შექმნილი დისკომფორტისა და დაგვიანებისთვის მგზავრებს ბოდიშს უხდის. პარალელურად, მიმდინარეობს შემთხვევის მოკვლევა და მიზეზების დადგენა”,- ნათქვამია განცხადებაში.