ირაკლი ქადაგიშვილი: აშშ-ის საელჩოს განცხადების მეორე ნაწილიც წავიკითხოთ – დროა, პარტიებმა პარლამენტში სრულყოფილად იმუშაონ

“აშშ-ის საელჩოს განცხადების მეორე ნაწილიც წავიკითხოთ, დროა, პარტიებმა პარლამენტში სრულყოფილად იმუშაონ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ისინი საკანონმდებლო პროცესს ,,ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგს ვერ დაუკავშირებენ.
„დეპუტატებს ყველანაირი საშუალება ჰქონდათ, რომ მიეღოთ მონაწილეობა ამ კანონპროექტის განხილვაში. ოპოზიციიდან იმ დეპუტატებმა, ვინც პარლამენტში დადიან, მონაწილეობა მიიღეს და მათი აზრი გათვალისწინებული იყო. შეიძლება, „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები კიდევ რამდენიმე ხნის განმავლობაში არ ჩაერთონ სრულყოფილ საპარლამენტო მუშაობაში. ჩვენ ამას ვხედავთ უკვე ამ დღეების განმავლობაში. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებს ამასთან დაკავშირებით, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებსაც შესაბამის დაწვრილებით ინფორმაციას მივაწვდით, ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია გვექნება.
ამ განცხადებაში კიდევ არის ის ნაწილი, სადაც ლაპარაკია, რომ პარტიებმა უფრო აქტიურად უნდა იმუშაონ პარლამენტში. მეორე ნაწილიც წავიკითხოთ და ალბათ, დრო არის, პარტიები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ევროკავშირის ეგიდით შემუშავებულ ხელშეკრულებას, პარლამენტში მოვიდნენ, სრულყოფილად იმუშაონ,”– განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
საქართველოში აშშ-ის საელჩომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესახებ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები