კახა კუჭავა: ამაყები ვართ, რომ სხვადასხვა გამოწვევის პირისპირ ხალხსა და ქვეყანას სამშობლოზე შეყვარებული, ბრძოლისუნარიანი, თანამედროვედ აღჭურვილი და მომზადებული ქართული ჯარი იცავს

“ქართველი სამხედრო მოსამსახურეები იცავენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, ამავე დროს, საერთაშორისო პარტნიორების სამხედრო დანაყოფებთან ერთად, გამორჩეული წვლილი შეაქვთ საერთაშორისო მშვიდობის დაცვაში”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით ვაზიანში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული ჯარი თანამედროვედ აღჭურვილი და მომზადებულია.

“მიმდინარე წელს ისტორიულ თარიღებს ვზეიმობთ. 30 წლის წინ, თაობათა ერთობლივი ძალისხმევისა და თავდადების შედეგად, საქართველომ აღადგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და თანამედროვე, დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობის რთულ გზას შეუდგა. მას შემდეგ, რაც საქართველო არაერთი სირთულის წინაშე აღმოჩნდა, გავაცნობიერეთ ჩვენი ქვეყნისთვის ძლიერი თავდაცვის ძალების აუცილებლობა. ბოლო წლებში გატარებული რეფორმების შედეგად, თავდაცვის ძალები ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ სტრუქტურად ჩამოყალიბდა. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები იცავენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და მთლიანობას. ამავე დროს, საერთაშორისო პარტნიორების სამხედრო დანაყოფებთან ერთად, გამორჩეული წვლილი შეაქვთ საერთაშორისო მშვიდობის დაცვასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. დღეს, ამაყები ვართ, რომ სხვადასხვა გამოწვევის პირისპირ ხალხსა და ქვეყანას სამშობლოზე შეყვარებული, ბრძოლისუნარიანი, თანამედროვედ აღჭურვილი და მომზადებული ქართული ჯარი იცავს”, – განაცხადა კუჭავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები