შალვა პაპუაშვილი: ყველა, ვინც შარლ მიშელის შეთანხმების მხარეს დგას, გამარჯვებულია, ვინც უარყოფს – დამარცხებული
“ყველა, ვინც შარლ მიშელის შეთანხმების მხარეს დგას, გამარჯვებულია. ყველა, ვინც უარყოფს – დამარცხებული”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი თავისი სიტყვისა და ხელმოწერის ერთგულია.
„ჩვენმა მოქალაქეებმა უარი უთხრეს ქვეყნის არევას და ყველა პოლიტიკურ ჯგუფს ამ შენობის კედლებში თანამშრომლობა მოსთხოვეს. ჩვენი მოქალაქეების ეს მოთხოვნა, ისევე როგორც ეს სულისკვეთება, აისახა 19 აპრილის შეთანხმებაში. კერძოდ, იმაში, რომ უთანხმოება უნდა დასრულდეს, მნიშვნელოვანია, სოლიდარობა პანდემიის დამარცხებასა და ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებაში, ევროპული იდეის ერთად განხორციელებისას. ყველა, ვინც ამ შეთანხმების მხარეს დგას, გამარჯვებულია. ყველა, ვინც უარყოფს – დამარცხებული. მათ მხოლოდ ორი გზა დარჩათ – ან აღიარონ საკუთარი მარცხი, ხელი მოაწერონ შეთანხმებას, შემოვიდნენ პარლამენტში ან ქვეყნის მტრობაში გაჯიუტებულები საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ, როგორც მარგინალური პოლიტიკური ჯგუფები. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, „ქართული ოცნება“ იქნება თავის სიტყვისა და ხელმოწერის ერთგული. ჩვენ, რა თქმა უნდა, იმ დოკუმენტს, რომელიც 19 აპრილს შედგა, ყველა მის პუნქტს შევასრულებთ. იცით, რომ დღეს სწორედ ამნისტიის საკითხთან დაკავშირებით უნდა შევასრულოთ ეს ვალდებულება. „ქართული ოცნება“ ამ სულისკვეთებით იმ ვალდებულებას შეასრულებს, რომელიც დოკუმენტში დევს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.