გიორგი ვაშაძე: გირაო რომც გადაეხადა ევროკავშირს, მელია გამოვიდოდა საპატიმროდან და მერე შეიძლება, ისევ შეებრუნებინა “ქართულ ოცნებას”
“გირაო არ არის ამნისტიის კანონის ალტერნატივა, რადგან გირაო რომც გადაეხადა ევროკავშირს, მელია გამოვიდოდა საპატიმროდან და მერე შეიძლება, ისევ შეებრუნებინა “ქართულ ოცნებას”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამნისტიის კანონის მიღებაზე პასუხს აგებენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს.
“კატეგორიულად ვემიჯნები და ვგმობ ყველანაირ მცდელობას, ნიკა მელიაზე გადაიტანონ პასუხისმგებლობა ამნისტიის კანონთან დაკავშირებით. ამნისტიის კანონის მიღებაზე პასუხს ვაგებთ ის პოლიტიკური ძალები, ვინც ხელი მოვაწერეთ შარლ მიშელის დოკუმენტს. შესაბამისად, მე ვაპირებ, ჩემი ვალდებულება შევასრულო და ნიკა მელია გათავისუფლდეს ამნისტიის კანონით.
გარდა ამისა, ამნისტიის კანონის მიღებამდე ვაკეთებთ ყველაფერს, რომ შევძლოთ მისი უფრო ადრე გათავისუფლება. მაგრამ აქ, მოგეხსენებათ, მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული და “ქართულ ოცნებაზეა” დამოკიდებული.
გარდა ამისა, სპეკულაციები რომ დასრულდეს – გირაო არ არის ამნისტიის კანონის ალტერნატივა, ჩვენი პარტნიორების პირდაპირი გზავნილი იყო, რომ მელიას საქმე და არამარტო მელიასი, პროცესში მონაწილე სხვა პირების, უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ და ამის ერთადერთი გზა არის ამნისტიის კანონი, რადგან გირაოს გადახდა, რომც გადაეხადა ევროკავშირს, ეს ნიშნავდა, რომ მელია გამოვიდოდა საპატიმროდან და მერე შეიძლება, ისევ შეებრუნებინა “ქართულ ოცნებას”, – განაცხადა ვაშაძემ.