საქართველოსა და მოლდოვას პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტს, მაია სანდუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, – ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მაია სანდუმ საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადალახვა მიულოცა და ხაზი გაუსვა 19 აპრილის შეთანხმებაში საქართველოს პრეზიდენტის როლს.
მხარეებმა მოლდოვაში არსებული კომპლექსური პოლიტიკური მდგომარეობა განიხილეს. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ამ მდგომარეობიდან გამოსვლის გზები მოიძებნება და საქართველო და მოლდოვა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საერთო მიზნებისა და პროექტების განსახორციელებლად ერთობლივი მუშაობის დაწყებას შეძლებენ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო კოვიდპანდემიასა და ვაქცინაციას.
საქართველოს პრეზიდენტმა მაია სანდუ საქართველოში დაპატიჟა.