“დრო მოვიდა, რომ საქართველოში ეს პოლიტიკური ბაკქანალია დამთავრდეს და ქართულმა საზოგადოებამ ხმა ამოიღოს”, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ხაინდრავამ ბოლო პერიოდში განვითარებული პოლიტიკური პროცესები შეაფასა. კინორეჟისორი ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის შეთანხმების მიღწევას გამოეხმაურა.
„კრიზისი არც ყოფილა. ეს კლასიკური გაგებით პოლიტიკური კრიზისი არ იყო. ჩვენ ამაში ვრწმუნდებით მას შემდეგ, რაც ეს კრიზისი დამთავრებულად გამოცხადდა. რეალურად, არაფერი შეცვლილა.
ერთ ჯგუფს, რომელსაც პოლიტიკური პრეტენზია აქვს და მის 3 რუპორს ქართული სახელმწიფო მძევლად ჰყავს აყვანილი და ეს ძალიან სახიფათო მოვლენაა. მთელი მსოფლიო, ევროკავშირი ყველა ძალასა და ღონეს ხმარობს იმისათვის, რომ გაანეიტრალოს ძალიან დიდი საფრთხე, რომელიც უკრაინა-რუსეთის საზღვარზეა. ძირითადი ძალისხმევა იმისკენაა მიმართული, რომ რუსეთის შეიარაღებული არმადა უკრაინის საზღვრებიდან იყოს გაყვანილი და ამით თავიდან იქნას აცილებული ძალიან სერიოზული კონფლიქტი, რომელიც ევროპას, საქართველოს, მთელს მსოფლიოს დიდ პრობლემებს უქადის. ყველა ცდილობს, რომ რუსეთის ჯარი უკრაინის საზღრებიდან გაიყვანონ, ამაზე იხარჯება მთელი ენერგია და ამ დროს ქართული პოლიტიკური წრეები ცდილობენ, მელია გამოიყვანონ ციხიდან. ეს არის რეალობა, სრული აბსურდი. ვფიქრობ, ესაა ბოროტი აბსურდი. იმიტომ ვთქვი, რომ მძევლად ჰყავთ აყვანილი საზოგადოება“, – განაცხადა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, საინფორმაციო სივრცე დაბინძურებულია.
„საინფორმაციო სივრცე არის გაბინძურებული. ამის მაგალითია ის, რისი მოწმენიც გუშინ გავხდით, „tv პირველის“ ეთერში – ტელევიზიის, რომელსაც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე აფინანსებენ, რომლებიც არიან ბრიუსელში, თითქოს, ევროკავშირთან ურთიერთობს ალაგებენ, ამ დროს კი მთელი ძალისხმევა მიმართულია იმისთვის, რომ ერთი გაჯიუტებული დამნაშვე ციხიდან გამოყვანონ, მათ მიერ დაფინანსებულ ტელევიზიაში ჩვენი სტატეგიული პარტნიორის, აშშ-ის, ელჩის – ქალბატონი კელი დეგნანის უკიდეგანო ლანძღვა-გინება მიდის. ქალბატონ დეგნანს ქართული საზოგადოების სახელით მინდა, ბოდიში მოვუხადო იმისთვის, რისი მომსწრენიც ყველა გავხდით. მინდა, დავარწმუნო, რომ ქართული საზოგადოების უდიდისი ნაწილი მისდამი დიდი პატივისცემითა და მადლიერებითაა განმსჭვალული“, – განაცხადა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, ეს ქვეყნის მტრობა და რუსული ჰიბრიდული ომის მკაფიო მაგალითია.
„ამავდროულად, მიდიოდა ევროკავშირის, მისი დეპუტატების, სტრუქტურების ლანძღვა, ესაა ამ ქვეყნის მტრობა, რუსული ჰიბრიდული ომის მკაფიო მაგალითი. მგონია, რომ დრო მოვიდა, საქართველოში ეს პოლიტიკური ბაკქანალია დამთავრდეს და ქართულმა საზოგადოებამ ხმა ამოიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვაყენებთ ჩვენს მომავალს, ქვეყანას, სახელმწიფოს არსებობას. სავარაუდოა, რომ ყველას შეიძლება, ამოეწუროს მოთმინება იმ სიბილწეში მონაწილეობისთვის, რასაც დღევანდელი ქართული პოლიტიკა ჰქვია.
მეორე საკითხს მინდა, ხაზი გავუსვა. ესაა ის დამამცირებელი ვითარება, რომელშიც მთელი საზოგადოება აღმოჩნდა, როდესაც უყურებდა, ორბელიანის სასახლეში ქართველი პოლიტიკოსები როგორ იდგნენ თავჩაქინდრულები. ჩემთვის იმ დროს იქ საქართველო იდგა იმიტომ, რომ მათ პრეტენცია ჰქონდათ და ჩვენ ამ უმეცრებს იმის საბაბი მივეცით, რომ ქართულ საზოგადოებას წარმოადგენდნენ. სიმბოლური იყო ის, რომ ეს ორბელიანების სასახლეში ხდებოდა. გამახსენდა ქართული საზოგადოების ის ნაწილი, რომელმაც თავის დროზე მაიკო ორბელიანი რუსეთის იმპერატორის საძინებლისთვის გაიმეტა. ზუსტად ესინი არიან მაგათი შთამომავლები. რეალურად, იქ იდგა „ნაციონალური მოძრაობა“ იმიტომ, რომ ზურაბ ჯაფარიძით დაწყებული, დავით ბაქრაძით დამთავრებული, თავის სამნიძეებით, სამადაშვილებითა და ყველა დანარჩენით, რომლებიც შალიკოს ფანჩატურს წარმოადგენენ, ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან. ესეც ზუსტად იმის მახასიათებელია, თუ რა წუმპეში იმყოფება ქართული პოლიტიკური სპექტრი“, – განაცხადა ხაინდრავამ.