ივანე ჩხაიძე: ვთხოვთ მშობლებს, არ აქვს მნიშვნელობა, მძიმე იყო კორონავირუსი თუ მსუბუქი, ვირუსის გადატანიდან ერთი თვის შემდეგ თუ ბავშვს აღენიშნა გარკვეული სიმპტომები, აუცილებლად მოგვმართონ
იაშვილისა და ციციშვილის კლინიკების ბაზაზე არასრულწლოვნებისთვის კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრებმა მუშაობა დაიწყო.
იაშვილის კლინიკის დირექტორის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, კორონავირუსი საქართველოში 30 000-მა ბავშვმა გადაიტანა.
„ჩვენ გუშინ დავიწყეთ ფუნქციონირება. ეს პაციენტები იღებენ მულტიპროფესიული ჯგუფის ერთობლივ შეფასებას, პედიატრთან ერთად შეფასების პროცესში მონაწილეობს კარდიოლოგი, პულმუნოლოგი, ნევროლოგი და ა.შ. ასევე, მნიშვენლოვანია ფსიქოლოგის მონაწილეობაც, ვინაიდან ხშირია დეპრესიის, ხასიათის ცვლილებები. ასე რომ, ეს ცენტრი ორიენტირებულია ამ ბავშვების შეფასებაზე, შეფასების შემდეგ გადაუდებელ მდგომარეობებში დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარებაზე. ქვეყანაში გვყავს 30 000 ბავშვი, რომელმაც გადაიტანა კორონავირუსი. ჩვენ ვთხოვთ მშობლებს, არ აქვს მნიშვნელობა, მძიმე იყო კორონავირუსი, მწვავე ფაზაში თუ მსუბუქი, კორონავირუსის გადატანიდან ერთი თვის შემდეგ თუ აღინიშნა რომელიმე ეს სიმპტომი, აუცილებლად მოგვმართოს. ამ ბავშვების მეთვალყურეობა უნდა გაგრძელდეს ხანგრძლივად. მეთვალყურეობის ხანგრძლივობა შესაძლებელია, იყოს ერთი წელი, ვინაიდან ჩვენ გვაქვს მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, რომლის შემთხვევაში გულის დაზიანებას, სულ მცირე, ერთწლიანი მონიტორინგი სჭირდება“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.