გია ხუხაშვილი: ამ მოცემულობაში, ასეთი მორალური დილემის პირისპირ, მელიას მხრიდან სწორი გადაწყვეტილებაა ამნისტიის ჩაშლა გირაოს გადახდით
ექსპერტი, გია ხუხაშვილი ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და მოვლენების სავარაუდო განვითარების შესახებ წერს.
“მოვლენების სავარაუდო განვითარება:
ხელისუფლება კენჭისყრაზე გამოიტანს ოპოზიციის მიერ ინიცირებული კანონის ალტერნატიულ პროექტს, რომლითაც ამნისტია შეეხება სისტემის დანაშაულსაც.
კენჭისყრას, ბუნებრივია, მოიგებენ.
ნიკა მელიას, უნდა თუ არა, ციხიდან გამოაგდებენ.
შესაბამისად, გომურსა და სხვა დაზარალებულებზე პასუხისმგებლობა ოპოზიციაზეც ნაწილდება – იმათმა თუ ჩაიდინეს, ამათმა “გააპრავეს”.
ამის შემდეგ, ნაც.მო თუ არ შევა პარლამენტში, ბოდიში და, სულ ფეხებზე ჰკიდიათ. აწყობთ კიდევაც.
სრულიად ცხადია, რომ დღეს ამნისტია ხელისუფლებას უფრო სჭირდება, ვიდრე – ოპოზიციასა და მელიას.
ასე რომ, ამ მოცემულობაში, ასეთი მორალური დილემის პირისპირ, მელიას მხრიდან სწორი გადაწყვეტილებაა ამნისტიის ჩაშლა გირაოს გადახდით”, – წერს ხუხაშვილი.