მეუფე შიო: ჩვენი ეგოიზმი დავთრგუნოთ და გვქონდეს სიყვარული, მაშინ ჩვენ შევძლებთ, გავხდეთ ქრისტიანები

“თუ ჩვენს სულში არის ისეთი დამოკიდებულება, რომ სხვაზე ვიზრუნოთ, სხვა შეგვებრალოს, ჩვენი ეგოიზმი დავთრგუნოთ და გვქონდეს ასეთი სიყვარული, მაშინ ჩვენ შევძლებთ, გავხდეთ ქრისტიანები”, – ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს დიდი მარხვის მეხუთე კვირაა, ღირსი დედა მარიამ მეგვიპტელის ხსენების დღე.

“გილოცავთ ამ დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას, შეგვეწიოს მისი დალოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს. ღირსი მარიამ მეგვიპტელი იმდენად დიდი მაგალითია სინანულისა, უფლის სიყვარულისა, ცხოვრების მყისიერად შეცვლისა, უფლისკენ მობრუნებისა, რომ დიდმარხვაშია დადგენილი მისი ხსენება განსაკუთრებულად.

უფალი მზად არის, მივიდეს ყველაზე დიდ ცოდვილთანაც კი, თუ მასში ხედავს აი, ამ სიყვარულის შესაძლებლობას, სიყვარულისა და სინანულის უნარს, ყველასთან მიდის, მაგრამ ვისაც ეს არ აქვს, მაშინ რა რჩება? მაშინ რჩება მხოლოდ ცარიელი ფორმა, ფორმალიზმი: – იქ დავდექი, აქ არ დავდექი, ეს შევჭამე, ის არ შევჭამე, ეს დავიცავი, ის არ დავიცავი, მხოლოდ გარეგნული, ანუ ისევ ფარისევლობა, მკვდარი ფორმა რჩება. ეს უფალს არ უნდა, ამისთვის არ მოსულა უფალი.

აი, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ეს გავითავისოთ. როდესაც ადამიანის ძარღვებში ჩქეფს ასეთი სიყვარული, რომელიც ფიქრობს მოყვასზე, მის მსახურებაზე, აი, დღეს პირველ სახარებაში იყო ასეთი სიტყვები: „თუ გინდათ, რომ დიდნი იყოთ, იყავით სხვების მსახური, და თუ გინდა, პირველი იყო, იყავი სხვების მონა“.

ეს ნიშნავს, რომ თავდავიწყებით, შენი თავი აღარ გახსოვდეს, შენ უნდა გინდოდეს, სხვას ემსახურო, სხვა გაახარო და თუ არის ასეთი დამოკიდებულება ჩვენს სულში, რომ სხვაზე ვიზრუნოთ, სხვა შეგვებრალოს, ჩვენი ეგოიზმი დავთრგუნოთ და გვქონდეს ასეთი სიყვარული, მაშინ ჩვენ შევძლებთ, რომ გავხდეთ ქრისტიანები. ეს დიდი მარხვა ამისთვის არის, მაგრამ თუ ვერა, მაშინ დავრჩებით ვინ? – დავრჩებით და გარდავიცვლებით, როგორც ფარისევლები, მხოლოდ ცარიელი ფორმის დამცველები. რა თქმა უნდა, ეს სამწუხაროა, იმიტომ რომ უფალი იესო ქრისტე იმისთვის არ მოსულა, რომ ჩვენ გარდავიცვალოთ, როგორც ფარისევლები, არამედ იმისთვის მოვიდა, რომ გვაცხონოს და გადაგვარჩინოს, როგორც აი, ეს მეძავი დედაკაცი შეიწყალა და გადაარჩინა მისი სიყვარულის გამო და როგორც ღირსი დედა მარიამ მეგვიპტელი გადაარჩინა, რომლის ლოცვით შეგვიწყალოს ჩვენ უფალმან ყოველნი ჩვენგანნი”, – განაცხადა მეუფე შიომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები