ანდრია გვიდიანი: “ნამოხვანის” და, ზოგადად, ჰესების წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანია მიმდინარეობს

“ნამოხვანის” და, ზოგადად, ჰესების წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანია მიმდინარეობს”, –ამის შესახებ ეკონომისტი, ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.

ექსპერტის თქმით, ჰიდრორესურსი საქართველოს ძირითადი ენერგეტიკული, მეტიც, სტრატეგიული რესურსია.

,,ქვეყნის განვითარების წინააღმდეგ დაგეგმილი პროტესტი არ ცხრება. სამწუხარო და საგანგაშოა, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაგეგმილი სცენარი წარმატებით ხორციელდება. ამაზე უფრო სამწუხაროა ის, რომ პროტესტში მონაწილეთა რიგებში ისეთი ადამიანებიც არიან, რომლებიც კარგად დაგეგმილი პროპაგანდის ზეგავლენის ქვეშ მოექცნენ და დღეს ჰიდროენერგეტიკის განვითარების მიმართ გულწრფელი პროტესტი ამოძრავებთ. თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ როგორც “ნამოხვანის”, ისე, ზოგადად, ჰესების წინააღმდეგ მიმდინარეობს დეზინფორმაციის კამპანია. შესაბამისად, ვფიქრობ სწორი კომუნიკაციის შედეგად, შევძლებთ, საზოგადოების ყველა ფენა დავარწმუნოთ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის აუცილებლობაში.

ჩვენ არ ვართ მდიდრები ნავთობითა და გაზით. თუმცა, საბედნიეროდ, გვაქვს 26.000 მდინარე, შესაბამისად, გაგვაჩნია უზარმაზარი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი, რაც 15.500 მეგავატის დადგმულ სიმძლავრეს გულისხმობს. მიუხედავად ამისა, გულდასაწყვეტია და, ვფიქრობ, საგანგაშოა, რომ ჩვენი სრული რესურსის მხოლოდ 20% გვაქვს ათვისებული. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ჩვენი ჰიდროპოტენციალის ათვისება ქვეყნის სტრატეგიული ამოცანაა.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჰიდროენერგეტიკის განვითარება ჩვენი ეკონომიკური განვითარების ფუნდამენტური მიმართულებაა და მიმაჩნია, რომ ეს საკითხი პოლიტიკური და ეროვნული კონსენსუსის საგნად უნდა იქცეს. პირდაპირ უნდა ვთქვა, საქართველოს ეკონომიკის აღმავლობა, მისი დღევანდელი და მომავალი თაობების კეთილდღეობა ამ რესურსის რაციონალური ათვისების, გამოყენების გარეშე წარმოუდგენელია. როცა ვსაუბრობ ჰიდრორესურსის ათვისებაზე ეს ნიშნავს და მინდა ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ, რა თქმა უნდა, ყველა პროექტი უნდა განხორციელდეს მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით, რომლის დროსაც მოძებნილი იქნება ოქროს შუალედი გარემოს დაცვის, ეკონომიკური განვითარებისა და საინჟინრო ტექნიკური გადაწყვეტილების თანაკვეთაზე.

მიუხედავად იმისა, რომ შეცდომაში შეყვანილ საზოგადოებას ჰესების მხარდაჭერა “სამშობლოს გაყიდვასთან” აქვთ გაიგივებული, მთელი ჩემი შეგნებით დარწმუნებული ვარ, რომ ისტორიის სწორ მხარეს ვდგავარ. გავა დრო და ნათლად გამოჩნდება, რომ ეს ასეა. ამიტომ, მოვუწოდებ გულწრფელი პროტესტის მქონე მოქალაქეებს, გვერდზე გადავდოთ ემოციები, ვიმსჯელოთ და ცივი გონებით შევხედოთ, რასთან გვაქვს საქმე,“ – აღნიშნავს ანდრია გვიდიანი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები