თამარ გაბუნია: ენგურზე მომხდარ უბედურ შემთხვევას ეპიდემიისა და კარანტინის მიდგომებთან ვერ დავაკავშირებთ
“ენგურზე მომხდარ უბედურ შემთხვევას ეპიდემიისა და კარანტინის მიდგომებთან ვერ დავაკავშირებთ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, კარანტინის წესებზე მსჯელობა მიმდინარეობს და მექანიზმი, რომელიც დამუშავდება, არ დაუშვებს ეპიდემიური რისკების ზრდას.
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების საჭიროებები ჩვენთვის, პანდემიის პირველივე დღიდან იყო მტკივნეული საკითხი. ამაზე არაერთხელ იყო მსჯელობა და მექანიზმები, რომლებიც დადგინდა, დადგინდა ეპიდემიური მიზნებიდან გამომდინარე, რომ მოხერხებულიყო მოქალაქეების რისკების კონტროლი, რომელთაც შეიძლებოდა პირველი და უშუალო კონტაქტი ჰქონოდათ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულ ადამიანებთან, რომლებიც მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ რეგიონში. ძალიან ბევრი შემთხვევა იყო ისეთი, როდესაც საგანგებო მდგომარეობის მართვის სამსახურის აქტიური ძალისხმევის შედეგად ბევრმა პაციენტმა მიიღო სწრაფი და მაღალი ხარისხის დახმარება, როგორც სამეგრელოს რეგიონში არსებული დაწესებულებებიდან, ასევე – საკარანტინო სივრცეებსა და კოვიდსასტუმროებში. თბილისსა და სხვა რეგიონებშიც სწრაფად ხდებოდა პაციენტების ტრანსპორტირება. უბედური შემთხვევა ენგურზე ძალიან ტრაგიკულია და, საუბედუროდ, ეს პირველი არ არის. ამ შემთხვევას ვერ დავუკავშირებთ ეპიდემიასა და კარანტინთან დაკავშირებულ მიდგომებს. აქედან გამომდინარე, კარანტინის წესებზე მსჯელობა მიმდინარეობს. მექანიზმი, რომელიც დამუშავდება, არ დაუშვებს ეპიდემიური რისკების ზრდას“, – განაცხადა გაბუნიამ.