ლადო კახაძე: 3.66-ზე ავიდა დადებითობის მაჩვენებელი, 4 არის უკვე კრიტიკული ნიშნული, რომელიც გვაიძულებს, იმ ღონისძიებების მხარეს გადავიხაროთ, რომელიც არავის მოგვწონს

“3.66-ზე ავიდა დადებითობის მაჩვენებელი, 4 არის უკვე კრიტიკული ნიშნული, რომელიც გვაიძულებს, იმ ღონისძიებების მხარეს გადავიხაროთ, რომელიც არავის მოგვწონს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლადო კახაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან კორონავირუსის გავრცელების მომატებულ მაჩვენებელზე ისაუბრა.

„დედამიწას დაუძინებელი მტერი გვყავს, ეს არის კოვიდინფექცია, წელიწად-ნახევარი გავიდა და ჩვენი, ადამიანების მეოხებითა და ჩართულობით, ეს კოვიდი წარმატებას აღწევს. ყველამ კარგად უწყის, რომ ეს ვირუსი, რომელიც მრავლდება, ფორმას იცვლის, შტამებს იცვლის, ჩვენვე გადაგვაქვს. ჩვენს მოსახლეობას მივმართავ, ახლა მე ოჯახში ვლაპარაკობ, საქართველოში, აქ ყველანი ერთნი ვართ, აქ მტერ-მოყვარე არ გაირჩევა: ჯერადი მატება გვაქვს, ადამიანებო, ეს არ არის რამდენიმე ციფრით მატება. 3.66-ზე ავიდა დადებითობის მაჩვენებელი, 4 არის უკვე კრიტიკული ნიშნული, რომელიც გვაიძულებს იმ ღონისძიებების მხარეს გადავიხაროთ, რომელიც არავის მოგვწონს: არც კანონმდებლებს, არც აღმასრულებლებს, არც ბიზნესს, არც განათლებას, არც სპორტს. ხომ ხედავთ, დარბაზშიც შევთხელდით, ჩვენც მოგვერია, რაღაც-რაღაცები გამომჟღავნდა.

არ შემიძლია, არ ვთქვა, ბოდიშს მოვიხდი, არავის მინდა, ეწყინოს: კატასტროფულად დაფარულ პირობებში იმართება სარიტუალო თუ გასართობი თავყრილობები, კანონის და თქვენივე ცხოვრების წესის საწინააღმდეგოდ. სრულიად საქართველოს ბინადარნო, ჩემო ძვირფასებო, თქვენთვის მიღებული ეს შეზღუდვები გავისიგრძეგანოთ. ამის დაცვის გარეშე ვირუსი მის სასარგებლოდ გადახრის პინას“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები