სოფელ ნამოხვანში, მდინარე რიონში გაუჩინარებული მამაკაცის საძიებო-სამაშველო სამუშაოებში დამატებითი ძალა ჩაერთო
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ნამოხვანში, მდინარე რიონში გაუჩინარებული მამაკაცის საძიებო-სამაშველო სამუშაოებში დამატებითი ძალა ჩაერთო.
უწყების ცნობით, პროცესში ჩართულია განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ჯგუფი თბილისიდან, 20 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით.
“წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში, მდინარე რიონში, მამაკაცის საძიებო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მობილიზებულია დამატებითი ძალები.
პროცესში ჩართულია განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ჯგუფი თბილისიდან, 20 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. ასევე, ნამოხვანში ჩავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე რეაგირების სამმართველოს მაშველები სამეგრელოს, გურიის და აჭარის რეგიონებიდან. საძიებო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობს 6 მყვინთავი, რომლებიც ტერიტორიის მონიტორინგს 8 ნავითა და ყველა საჭირო აღჭურვილობით ახდენენ. წყლის ფსკერის დათვალიერება მიმდინარეობს საძიებო სკანერის, ექოლოტის საშუალებით.
შემთხვევის ადგილზე მოეწყო სპეციალური საველე შტაბი, რომელსაც სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი – დავით სუხიშვილი ხელმძღვანელობს.
ახალგაზრდა მამაკაცის საძიებო სამუშაოები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო. მდინარე რიონზე სპეციალური ღონისძიებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.