მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ ექიმებს შესაძლოა, საექიმო საქმიანობის სერთიფიკატები შეუჩერდეთ
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ ექიმებს შესაძლოა, საექიმო საქმიანობის სერთიფიკატები შეუჩერდეთ.
„საექიმო შეცდომებს განიხილავს პროფესიული განვითარების საბჭო, რომელსაც შეუძლია, დააყენოს საკითხი სერთიფიკატის შეჩერების ან შეწყვეტის თაობაზე. ეს არის მაქსიმალური სანქცია, რაც შეიძლება, პროფესიული განვითარების საბჭომ გამოიტანოს“, – განაცხადა გაბუნიამ.
2021 წლის 18 მარტს კორონავირუსზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ ახალციხეში 27 წლის ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა. მეგი ბაქრაძე 19 მარტს გარდაიცვალა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
7 აპრილს საქართველოს პროკურატურამ მედდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე „ახალციხის კლინიკა იმედის“ ექიმებს – ბ.ლ.-ს, ვ.ი-ს და ექთანს – თ.გ.-ს ბრალი წარუდგინა.