თამარ გაბუნია: საგანგაშოა ის, რომ ჩვენი კოლეგა ექთნის შემთხვევის მართვაში მონაწილე გუნდმა არასწორი ინფორმაცია მისცა სამართალდამცავ ორგანოებსა და მარეგულირებელ სააგენტოს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე „ახალციხის კლინიკა იმედის“ სამი მედიკოსისთვის ბრალდების წარდგენას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ცრუ ჩვენება ნებისმიერ შემთხვევაში როგორც სამართლებრივი, ასევე – პროფესიული კუთხით სრულიად მიუღებელია.

„რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან საგანგაშოა ის, რომ ჩვენი კოლეგა ექთნის შემთხვევის მართვაში მონაწილე გუნდმა არასწორი ინფორმაცია მისცა სამართალდამცავ ორგანოებსა და მარეგულირებელ სააგენტოს და ეს ინფორმაცია არ ასახავდა იმ რეალურ სურათს, რაც კლინიკაში მოხდა. ასეთი ცრუ ჩვენება ნებისმიერ შემთხვევაში როგორც სამართლებრივი, ასევე, პროფესიული კუთხით სრულიად მიუღებელია. რა თქმა უნდა, რეგულირების სააგენტო თავის მხრივ გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ დადგინდეს ფაქტები და ამის მიხედვით უკვე ექსპერტების მოკვლევის საფუძველზე ჩვენ გვექნება საფუძველი, ვიმსჯელოთ იმაზე, ეს ექიმების შეცდომა იყო თუ არა“, – განაცხადა გაბუნიამ.

2021 წლის 18 მარტს კორონავირუსზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ ახალციხეში 27 წლის ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა და გარდაიცვალა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

7 აპრილს საქართველოს პროკურატურამ მედდის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე „ახალციხის კლინიკა იმედის“ ექიმებს – ბ.ლ.-ს, ვ.ი-ს და ექთანს – თ.გ.-ს ბრალი წარუდგინა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები