ვახტანგ ჭარაია: ასე მიზანმიმართულად ანადგურებდეს თავის მომავალს, სხვა ერი არ მეგულება

XXI საუკუნეში “მონობა” არა ინვესტორის შენს განვითარებაში თანამონაწილეობა, არამედ შენივე ეკონომიკური, ინტელექტუალური თუ ტექნოლოგიური ჩამორჩენილობაა. სრული აბსურდია XXI საუკუნეში ვინმეს XI საუკუნის აზროვნებით ებრძოლო, თუმცა იმასაც დავამატებ რომ შორსმჭვრეტელი ადამიანები 10 საუკუნის წინაც კი ხვდებოდნენ ამას, – ამის შესახებ ექსპერტი ვახტანგ ჭარაია სოციალურ ქსელში წერს, რითიც იმ ადამიანებს ეხმიანება, რომლებმაც კორპუსებისა და ჰესების ალტერნატივად საჯარო სივრცეებში  ჯვრი აღმართეს.

ექსპერტს მიაჩნია, რომ ერი მიზანმიმართულად ანადგურებდეს საკუთარ მომავალს.

“ქრისტიანული სიმბოლო შლაგბაუმად… თან ყველანი ვხვდებით ამ ნაბიჯის ქვეტექსტსაც…
ლარი გარბის, ფასები იზრდება, მესამე ტალღა კარზე მოგვადგა, თურქეთმა თავისი შესაძლებლობები სულ ახლახანს დაგვანახა, რუსეთმა დღე-დღეზე შეიძლება ახალი ომი დაიწყოს უკრაინაში, ბოლო-ბოლო ხალხი მარსზე გადასახლებაზე მუშაობს და ჩვენ ამ დროს…
ჩვენ კი “ერთმორწმუნეებთან” არ გვეყო დაპირისპირება და ახლა ახალ სპარინგ-პარტნიორს ვეძებთ…
არვიცი ამ ქვეყანას ან ჯადო აქვს გაკეთებული ან მართლა არ ქონია საშველი… ასე მიზანმიმართულად ანადგურებდეს თავის მომავალს, სხვა ერი არ მეგულება…
პოლიტიკურ დივიდენდებზე ზრუნვის და ბოდიშების ხდის ფუფუნებაც სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ამოგვეწურა და ძალიან დიდი იმედი მაქვს სახელმწიფო აუცილებლად მიიყვანს ბოლომდე ყველა სტრატეგიულ პროექტს.
XXI საუკუნეში “მონობა” არა ინვესტორის შენს განვითარებაში თანამონაწილეობა, არამედ შენივე ეკონომიკური, ინტელექტუალური თუ ტექნოლოგიური ჩამორჩენილობაა. სრული აბსურდია XXI საუკუნეში ვინმეს XI საუკუნის აზროვნებით ებრძოლო, თუმცა იმასაც დავამატებ რომ შორსმჭვრეტელი ადამიანები 10 საუკუნის წინაც კი ხვდებოდნენ ამას”, -ამბობს ვახტანგ ჭარაია.

შეგახსენებთ, რომ ლეჩხუმში, სოფელ ქორენიშთან ადგილობრივმა მოსახლეობამ ჯვარი აღმართა. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე ადგილობრივმა აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ ჯვრის აღმართვას სხვადასხვა ადგილებშიც აპირებენ.

ამასთან, მწვანე ალტერნატივის ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, საჯარო სივრცეების დასაცავად მოქალაქეებს სახელმწიფო მხოლოდ ასეთ გზას უტოვებს.

“საჯარო სივრცეების დასაცავად მოქალაქეებს სახელმწიფო მხოლოდ ამ გზას უტოვებს. თბილისში ბევრგან ნახავთ ასეთ სურათს – მოქალაქეები მწვანე სივრცეებს ასე იცავენ ახალი კორპუსების შემოტევისგან. იმედია ამასაც არ დაუკავშირებს თურქეთის ელჩი მის სახელმწიფოსთან ბრძოლას”, – წერს ირაკლი მაჭარაშვილი და თანდართულ ფოტოს აქვეყნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები