IRI: პოლიტიკურ და საჯარო პირებს შორის პერსონალურ რეიტინგში პატრიარქი, გიორგი გახარია და კახა კალაძე ლიდერობენ
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, პოლიტიკურ და საჯარო პირებს შორის პერსონალურ რეიტინგში პატრიარქი, გიორგი გახარია და კახა კალაძე ლიდერობენ.
კერძოდ, კითხვაზე, „ჩამოთვლილი პოლიტიკოსებიდან და საჯარო პირებიდან, რომელია თქვენთვის მისაღები“, გამოკითხულთა 89 პროცენტმა დაასახელა პატრიარქი, 65 პროცენტისთვის მისაღებია გიორგი გახარია, 54 პროცენტისთვის კახა კალაძე.
გამოკითხულთა 52 პროცენტი ასახელებს დავით ბაქრაძეს, 42 პროცენტი ნიკა მელიას, 40 პროცენტი ბიძინა ივანიშვილს, 39 პროცენტი გიორგი ვაშაძე „სტრატეგია აღმაშენებელს“, 36 პროცენტი დავით უსუფაშვილს, 33 პროცენტი არჩილ თალაკვაძეს, ასევე 33 პროცენტი ირაკლი კობახიძეს, 31 პროცენტი სალომე ზურაბიშვილს, 29 პროცენტი გიგი უგულავას, 27 პროცენტი შალვა ნათელაშვილს, 26 პროცენტი მამუკა ხაზარაძეს, 26 პროცენტი ალეკო ელისაშვილს, 24 პროცენტი ლევან ხაბეიშვილს, 21 პროცენტი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, 21 პროცენტი ირმა ინაშვილს, 20 პროცენტი ნინო ბურჯანაძეს, 17 პროცენტი ბადრი ჯაფარიძეს.
კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.