ანდრია ჯაღმაიძე: მამა ანდრია სარიას განემარტა, რომ მის მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები ექვემდებარება მღვდელმსახურებიდან განკვეთას
“მამა ანდრია სარიას განემარტა, რომ მის მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები ექვემდებარება მღვდელმსახურებიდან განკვეთას”, – ამის შესახებ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მღვდელმსახურებიდან განკვეთა ეს არის დასკვნა, რომელსაც დადებს კომისია.
„საქართველოს საპატრიარქოში დღეს შედგა მუდმივმოქმედი ეპარქიული კომისიის სხდომა, რომელიც განიხილავს სხვადასხვა საკითხს. დღეს სხდომაზე მოწვეული იყო მღვდელმონაზონი, ანდრია სარია. მას განემარტა, რომ მის მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები ექვემდებარება მღვდელმსახურებიდან განკვეთას. იცით, რომ მამა ანდრია სარიას მიეცა ადრე შენიშვნა. შემდგომში, შენიშვნის შემდეგ, შეუჩერდა მღვდელმსახურება და ზუსტად იმავე ქცევების გამო, დღეს შედგა კომისია. მღვდელმსახურებიდან განკვეთა ეს არის დასკვნა, რომელსაც დადებს კომისია. გადაწყვეტილება პატრიარქმა უნდა მიიღოს“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ბრძანების თანახმად, მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმოქმედება 20 იანვარს აეკრძალა.