„ოპოზიციის ქმედებები, უკომპრომისობა, რადიკალიზაცია ზუსტად იქეთაა მიმართული, რომ ეკონომიკას პრობლემები შეექმნას და ჩამოიშალოს“ – გიორგი ცუცქირიძე

რატომ უფასურდება ლარი? – ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტებები მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას ეკონომიკის საკითხების ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ცუცქირიძემ გააკეთა.

„დღეს ძალიან ბევრ ადამიანს, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს ლარის კურსის რყევა აღალვებთ და აწუხებთ. ბუნებრივია, როცა ლარი უფასურდება, ეს ბიზნესისთვის, ადამიანებისთვის სასურველი არ არაა, პირველ ყოვლისა კი, მათთვის, ვისაც სესხი უცხოურ ვალუტაში აქვს აღებული. ბუნებრივია, ამ დროს მომსახურების ტვირთი ძვირდება. ეს ეკონომიკისთვისაც არ არის კარგი, რადგან გარკვეულ ინფლაციურ პროცესებთანაა დაკავშირებული, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენთან ეკონომიკის იმპორტდამოკიდებულება კვლავ მაღალია. ძირითადად, ეს სასურსათო პროდუქციაზე უნდა ითქვას. ზოგადად, რა ფაქტორებია, რაც ლარის კურსზე მოქმედებს: ერთერთი პირველი ფაქტორი თურქეთში მიდინარე პროცესებია. ბოლო 10 დღის მანძილზე თურქული ლირის კატასტროფული გაუფასურება მოხდა, რაც თურქეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის გადადგომასთანაა დაკავშირებული. მას თურქეთის პერზიდენტთან გარკვეული კონფლიქტი ჰქონდა“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, ეროვნული ვალუტის კურსზე გავლენას ახდენს ის, რაც დღეს, ზოგადად, ეკონომიკაში ხდება. ცუცქირიძის განმარტებით, პანდემიის გამო დღეს სახეზეა ვარდნის ეკონომიკა.

„რომ ვთქვათ, ლარის გაუფასურებაზე ზეგავლენას მხოლოდ თურქული ლირის გაუფასურება ახდენს, ეს სწორი არ იქნება. მეორე ფაქტორი თავად ეკონომიკაში მიდინარე პროცესებია. ზოგადად, როგორ შეიძლება, ეს შევაფასოთ: რა მოცემულობაში იმყოფება ჩვენი ეკონომიკა, რომელიც რეალურად პანდემიური ეკონომიკაა. ანუ ეს, რეალურად, ვარდნის ეკონომიკაა. ვიცით, გასული წელი ჩვენმა ეკონომიკამ 6 %-ზე მეტი ვარდნით დაასრულა. ანუ ეკონომიკა 6, 2 %-ითაა შემცირებული. ეს, რა თქმა უნდა, ზეგავლენას ახდენს ლარის კურსზე. უფრო გასაგები რომ იყოს, ეს მნიშვნელოვანწილად საგადამხდელო ბალანსსა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტთანაა დაკავშირებული. ბოლო წლებში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ჩვენთან მცირდებოდა. 2016 წელს, დაახლოებით, 13 %-იც კი იყო. 2018-2019 წლებში შემეცირების ტენდენცია გამოიკვეთა. შემცირდა 5, 4 % -მდე. რა იწვევდა ამ შემცირებას – როცა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი უარყოფითია, ის ყოველთვის ფინანსდება სხვა წყაროებიდან, ესაა ფინანსური ანგარიში და კაპიტალის მოძრაობა. ბოლო წლებში დეფიციტის შემცირება მნიშვნელოვანწილად განაპირობა, პირველ ყოვლისა, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა. ჩვენ 3 მილიარდი დავკარგეთ ზუსტად პანდემიური პერიოდის გამო. რეალურად, დეფიციტის დაფინასების წყარო საგარეო ვალია, რომელიც, ზოგადად, არასასურველ კომპონენტად ითვლება. ეს არის იძულებითი გამომდინარე იქედან, რომ პანდემიური ეკონომიკის პირობებში ჩვენ გასულ წელს, პრაქტიკულად, 2 „ლოქდაუნი“ გვქონდა. მესამე ფაქტორია ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც ბოლო წლებში მთლიან შიდა პროდუქტთან ძალიან სტაბილური იყო, დაახლოებით, 3 %-მდე. ამ გაჩერებული ეკონომიკის შედეგად 2, 5-ჯერ გაიზარდა და 7, 5 %-ია. ესეც ზემოქმედებს ლარის კურსზე. ანუ ერთი მხრივ ლარის კურსზე მოქმედებს შემცირებული სავალუტო შემოსავლები, მაშინ როდესაც გასავლები არ არის მთლად შემცირებული. ეს დეფიციტი ზუსტად ლარის კურსზე ახდენს ზეწოლას. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიც მინდა, აღვნიშნო: მართლია, მიმდინარე წელს საგარეო სავაჭრო ბრუნვა შემცირებულია, მაგრამ სავაჭრო ბრუნვაში წმინდა ექსპორტი შემცირებული არაა, პირიქით, გაზრდილია იმის ხარჯზე, რომ იმპორტი შემცირებულია. ეს ასევე ეკონომიკის შეკუმშვას ასახავს. ეს მოცემულობა გვაქვს დღეს, რაც ლარის კურსზე ზემოქმედებს“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, მოვლენები, რომლებიც რუსი ჟურნალისტისა და პროპაგანდისტის, ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ვიზიტს უკავშირდება, ეკონომიკაზე გავლენას იქონიებს.

„ტურიზმი, რომელიც ბოლო წლებში ლარის კურსისა და ზოგადად ვალუტის შემოდინებების მკვებავი წყარო იყო, დღეს არათუ გაჩერებულია, არამედ პოლიტიკური ვითარების გამო კარგავს შანსს, წელს შემოსავლები მივიღოთ. მხედველობაში მაქვს ის აჟიოტაჟი, რომელიც ატეხილია პოზნერის ცნობილ ვიზიტსა და იქ მოწყობილ გამოსვლებთან, დემარშთან დაკავშირებით. ამან შეიძლება, ეკონომიკაზე საკმაოდ სერიოზული ზეგავლენა იქონიოს. ვფიქრობ, ეს საქართველოში რუს ტურისტებს შეამცირებს. სხვათა შორის, ყველაზე დიდი მოთხოვნა, იგივე სასტუმროების დაჯავშნა, სწორედ ამ მიმართულებას ჰქონდა. სავარაუდოდ, თუ ეს ნაკადები შეწყდა, სულ მცირე, მილიარდ დოლარამდე შემოსავლებს დავკარგავთ. ეს მოვლენები მარტო რუსულ ტელეარხებზე არ გადაიცემა, რუსებს საკმაოდ ბევრი უცხოენოვანი მედიასაშუალება აქვთ, რომელიც აჩვენებს, თუ რა ხდება საქართველოში. ეს ფორმდება ისე, რომ საქართველოში ტურისტებს დევნიან. ეს ზეგავლენას უცხოელი ტურისტების შემოდინებაზეც იქონიებს. საუბარი მხოლოდ რუსული ტურისტული ნაკადების ჩაკეტვაზე არაა, ეს მთლიანობაში ნეგატივია ყველა იმ ტურისტული მიმართულებებისა, რომელიც შეგვეძლო, ამ წელს მიგვეღო. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მსგავსი აქციები ქვეყანამ თავიდან აიცილოს“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, ეკონომიკაზე გავლენას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პორცესებიც ახდენს.

„თუ გვინდა,  ამ კრიზისს თავი დავაღწიოთ, დგება მთავარი საკითხი – ვაქცინაცია. ამას წმინდა ეკონომიკური განზომილებაც აქვს. ის ქვეყნები, რომლებიც პირველები ჩაატარებენ ვაქცინაციის პროგრამას, ჩავთვალოთ რომ მათი ეკონომიკა არ ჩაიკეტება. ვაქცინაციის თემაზე გარკვეული ჯგუფები კონსპიროლოგიურ თეორიებთან კავშირში სხვადასხვა სიმულაციასა და სპეკულაციას ახდენენ. ის, რომ ვაქცინაცია შეიძლება, ჩავარდეს, პირველ ყოვლისა, ეკონომიკასა და ჩვენს ჯანმრთელობასაც დაარტყამს. ეს ყველას შეეხება. ჩვენი ეკონომიკის მესამედ ჩაკეტვა ძალზე არასასრუველ შედეგებს მოგვცემს. ის, რაც ქვეყანაში ხდება, ასევე დაკავშირებულია ეკონომიკასთან. სამწუხაროდ, ოპოზიციის მთელი ქმედებები, უკომპრომისობა, რადიკალიზაცია ზუსტად იქეთაა მიმართული, რომ ეკონომიკას პრობლემები შექმნას და ჩამოიშალოს. ეს არცაა დამალული მათი მხრიდან. მაგრამ სახელმწიფო ვალდებულია, ეს პროცესები მაქსიმალურად დაარეგულიროს და მოაგვაროს“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები