ჯაშუშური ამბავი – იტალია ქვეყნიდან ორ რუს დიპლომატს აძევებს
იტალია ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს ორ თანამშრომელს აძევებს, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან უკანონო საქმიანობაში.
ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლუიჯი დი მაიოს “ფეისბუქ”გვერდზეა ნათქვამი.
“საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებულ, რუსეთის ელჩს იტალიის მთავრობის საპროტესტო ნოტა გადაეცა. მას ასევე ეცნობა საელჩოს ორი თანამშრომლის დაუყოვნებლივი გაძევების შესახებ, რომლებიც მონაწილეობდნენ სერიოზულ ჯაშუშურ საქმიანობაში. მადლობას ვუხდი ჩვენს სპეცსამსახურებსა და ყველა სახელმწიფო ორგანოს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მუშაობენ”, – ნათქვამია იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანლის განცხადებაში.
დღეს გახდა ცნობილი, რომ იტალიელმა კარაბინიერებმა, რომის პროკურატურის ორდერის საფუძველზე, რომში მომუშავე იტალიელი ჯარისკაცი და რუსი ოფიცერი დააკავეს.
აღინიშნება, რომ იტალიის მოქალაქე დაპატიმრებულია – მაშინ, როდესაც “უცხო ქვეყნის მოქალაქესთან მიმართებით მისი დიპლომატიური სტატუსის დასადგენად შემოწმება მიმდინარეობს”.
კარაბინერების სპეციალურ ქვედანაყოფში აღნიშნავენ, რომ დაკავება ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ დოკუმენტების გადაცემის დროს მოხდა. კარაბინიერების ინფორმაციით, იტალიელი სამხედრო რუსეთის წარმომადგენელს გასაიდუმლოებულ დოკუმენტებს გადასცემდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.