ანტონ ობოლაშვილი: მეგი ბაქრაძის დაღუპვასთან დაკავშირებით გამოძიება უნდა იყოს დროული, გამჭვირვალე და ამომწურავი, რათა ოჯახს პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩეს
დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მწუხარება გამოხატა ვაქცინაციის შდეგად გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ტრაგედიის გამო და პარლამენტის სახელით ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
„გარდაიცვალა სიცოცხლით სავსე, 28 წლის გოგონა, რომელსაც დარჩა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი. მეგი ბაქრაძე იდგა კოვიდთან ბრძოლის წინა ხაზზე, ჩვენ – ყველას მოგვიწოდებდა ვაქცინაციისკენ. ის იყო აქტიური ამ უხილავ მტერთან, კოვიდთან ბრძოლაში და სჯეროდა, რომ მხოლოდ ვაქცინაციის გზითაა შესაძლებელი კოვიდის დამარცხება. ოჯახის მოთხოვნაა და ასევე ჩემი თხოვნაა, რომ გამოძიება იყოს დროული, გამჭვირვალე და ამომწურავი, რათა ოჯახს პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩეს. ასევე მინდა, მოგმართოთ თხოვნით, არსებული პროცედურების შესაბამისად, განხილული იქნეს ოჯახისთვის კომპენსაციის საკითხი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამით ვერ შევძლებთ მეგი ბაქრაძეს დავუბრუნოთ სიცოცხლე, მაგრამ მისი ოჯახის და შვილების გვერდში დგომით შევძლებთ ამ დიდი ტრაგედიის და ტკივილის შემსუბუქებას”, – განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.