დავით ზალკალიანი: ვაქცინაციის პროგრამის ხელმისაწვდომობა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას რთულ მდგომარეობას შეუმსუბუქებს
“საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ხელმისაწვდომი ხდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ამიერიდან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და იმუნიზაციის პროგრამით განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფები შეძლებენ ვაქცინაცია საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩაიტარონ.
“ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული მძიმე ჰუმანიტარული სიტუაცია პანდემიამ კიდევ უფრო გაამწვავა, ვაქცინაციის პროგრამის ხელმისაწვდომობა კი მოსახლეობას ამ რთულ მდგომარეობას შეუმსუბუქებს და თავიდან ააცილებს ვირუსის კიდევ უფრო მეტად გავრცელებას.
მთავრობის ეს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებზე ზრუნვა და მათი ჩართვა ყველა იმ პროგრამასა თუ პროექტში, რასაც საქართველოს ხელისუფლება სთავაზობს თავის მოქალაქეებს”, – წერს მინისტრი.