დუშეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე დასახლებას ძლიერი ნალექის გამო სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა

დუშეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე დასახლებას ძლიერი ნალექის გამო სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა. ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, იმ შემთხვევაში თუ ხვალ დუშეთს წყლის მიწოდება არ აღუდგება შესაბამისი სამსახურები სასმელ წყალს მოსახლეობას წყალმზიდის საშუალებით მიაწოდებენ.

“24 მარტს დუშეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა ძლიერმა ნალექმა სასმელი წყლის მიწოდების კუთხით პრობლემები შექმნა, კონკრეტულად კი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე სათავე ნაგებობაზე აიმღვრა წყალი, რის გამოც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია იძულებული გახდა მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე ფასანაურის, ჟინვალის, დუშეთის და რამდენიმე სოფლის აბონენტებისთვის სასმელი წყლის მიწოდება შეეწყვიტა.

წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური ჯგუფი, პრობლემის აღმოსაფხრელად ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს სამუშაოებს.

სპეციალისტების განცხადებით ამ დროისთვის ფასანაურში წყლის ნორმა სტაბილურია და დასახლებას სასმელი წყლის მიწოდება აღუდგა, უახლოეს საათებში წყლის მიწოდება აღუდგება ჟინვალსაც. რაც შეეხება დუშეთს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში ამბობენ, რომ მოსახლეობას წყალი ხვალ დღის განმავლობაში მიეწოდება.

იმ შემთხვევაში თუ ხვალ დუშეთს წყლის მიწოდება არ აღუდგება შესაბამისი სამსახურები სასმელ წყალს მოსახლეობას წყალმზიდის საშუალებით მიაწოდებენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები