“მზად ვარ, დნმ-ის ანალიზი ჩავაბარო, მეუფე სტეფანე არის შეპყრობილი, რომელსაც ღმერთი არ სწამს და სირცხვილის გრძნობა არ გააჩნია” – პეტრე ცაავა
ჭყონდიდის ეპარქიაში – ბალდის მონასტერში სასულიერო პირებსა და ეპარქიის ახალ მმართველს მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილს) შორის დაპირისპირება იყო.
ამჯერად, მიტროპოლიტმა სტეფანემ წირვა ბალდის მონასტერში ჩაატარა, რის შემდეგაც სასულიერო პირებმა მას მეუფე პეტრესთან დაკავშირებულ ბრალდებებზე პასუხის გაცემა მოსთხოვეს.
მათი თქმით, მიტროპოლიტმა სტეფანემ ყოფილ მღვდელმთავარს, პეტრე ცაავას დააბრალა, რომ შვილი ჰყავს და ის არაეკლესიურად ცხოვრობდა.
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი – პეტრე ცაავა კი “კურიერთან” საუბრისას ჭყონდიდის ეპარქიის ახალ მმართველს, მიტროპოლიტ სტეფანეს პასუხობს და ამბობს, რომ მზადაა, დნმ-ის ანალიზი ჩააბაროს.
“მეუფე სტეფანე ისე იქცევა, თითქოს, ღმერთი არ არსებობს. იქცევა უღმერთოდ. ნებისმიერ შემთხვევაში, რა ცილისმწამებლურადაც მომიხსენია და დამადანაშაულა, დაუყონებლივ მოვითხოვ საპატრიარქომ აღძრას საქმე, დაიწყოს მოკვლევა და მეუფე სტეფანეს მოუწევს, ამ ბრალდებით თვითონვე დაისაჯოს, რა ცრუ ბრალდებითაც მან დაადანაშაულა მეუფე პეტრე. მზად ვარ, დნმ-ის ანალიზი ჩავაბარო, იმავეს მოვუწოდებ ყველა მღვდელმთავარს. სტეფანე არის შეპყრობილი, რომელსაც ღმერთი არ სწამს და სირცხვილის გრძნობა არ გააჩნია”, – განაცხადა პეტრე ცაავამ.