შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი: “ქართული მარშის” ლიდერის მიერ გავრცელებული ფოტო და ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს “ფეიკ ნიუსს”

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი „ქართული მარში – ეროვნული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, სანდრო ბრეგაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, “ქართული მარშის” ლიდერის მიერ გავრცელებული ფოტო და ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს “ფეიკ ნიუსს”.

,,გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია პოლიტიკური გაერთიანება „ქართული მარში – ეროვნული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის – სანდრო ბრეგაძის მიერ სოციალურ ქსელ facebook-ის საშუალებით გავრცელებულ ფოტოსა და მოწოდებასთან დაკავშირებით.

სანდრო ბრეგაძემ გამოაქვეყნა ფოტოსურათი, სადაც ჩანს საექსკურსიო ჯგუფი აზერბაიჯანის დროშებით. “ამ ახალ ფოტოზე – აზერბაიჯანელი სტუდენტების ექსკურსიაა აღბეჭდილი დავით გარეჯში! ტაძრებში და მის გარეთ შეიარაღებული ჯარი დგას. ყოველივეს პასუხად – ჩვენი ხელისუფლება დუმს და სძინავს. როდესაც ხელისუფლება არ იცავს მიწა-წყალს, ერი ვალდებულია, თავად აიღოს სადავეები ხელში და გაათავისუფლოს ოკუპირებული ტერიტორია”, – წერს სანდრო ბრეგაძე.

“ქართული მარშის” ლიდერის მიერ გავრცელებული ფოტო და ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს “ფეიკ ნიუსს”. სიცრუეა, თითქოს, დავით გარეჯში ექსკურსიებზე დადიან აზერბაიჯანელი სტუდენტები. რაც შეეხება ფოტოსურათს, რომელიც სანდრო ბრეგაძემ თავის პოსტს დაურთო, იგი გადაღებულია დაახლოებით ერთი წლის წინ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საზღვრის ხაზიდან 3 კმ-ში, “ჰეიდარ ალიევის“ სახელობის ნაკრძალში, რომელიც შარშან აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გახსნა და ღონისძიებას აზერბაიჯანის მოქალაქეები დაესწრნენ,” – ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები