“აცრა არის ერთადერთი გზა ამ სივერაგიდან გამოსვლისთვის” – ლადო კახაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრა(ფოტო)

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვლადიმერ კახაძე კორონავირუსის წინააღმდეგ დაწყებულ ვაქცინაციის პროცესში ჩაერთო. პარლამენტის წევრი, რესპუბლიკური საავადმყოფოს შესაბამის განყოფილებაში, სამედიცინო პროცედურების გავლის შემდეგ, AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა და საქართველოს მოქალაქეებს პირადი მაგალითით ვაქცინაციის ჩატარებისკენ მოუწოდა.

„ამ პროცესის მეოხებით ყველა ადამიანთან მივდივარ, ჩემს მოძმესთან, ჩემი ქვეყნის ბინადართან, დედამიწის ბინადართან; თხოვნითაც მივდივარ, პირადი მაგალითითაც, რწმენით და იმედით. ჩვენი თანადგომა, ურთიერთ პატივისცემა, გონივრული და პრაგმატული მიდგომა არის გზა, რომ ეს დიდი გამოწვევა დავძლიოთ და გავიდეთ პანდემიური მდგომარეობიდან. ვაქცინაცია არის აბჯარი, ორგანიზმის საკუთარი იმუნური სისტემის გაძლიერება და იმ შემთხვევაშიც კი თუ ვირუსი ორგანიზმში მოხვდება აცრილი ადამიანის ორგანიზმში, ვირუსი განადგურდება. ყველა ადამიანს, ვინც შესაბამისი ასაკის არის, ვთხოვ და ვურჩევ, რომ თავისი თავის მომავლის უზრუნველსაყოფად ეს პროცედურა გაიარონ. ვაქცინაცია უსაფრთხოა და სარგებლის მომტანი”, – განაცხადა ვლადიმერ კახაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები