გაბრიელ წულაია: ტყუილია, თითქოს, ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური გვერდი გახარიას მხარდამჭერ გვერდად გადაკეთდა
მთავრობის ადმინისტრაციის სტრატკომის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, გაბრიელ წულაია „ფეისბუქის” გვერდ Bidzina Ivanishvili & Media-ს შესახებ განმარტებას აქვეყნებს.
მისი თქმით, ტყუილია, თითქოს, „ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური გვერდი გახარიას მხარდამჭერ გვერდად გადაკეთდა.
,,მინდა, საზოგადოებას მივაწოდო რეალური ინფორმაცია:
1. ტყუილია, თითქოს, ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური გვერდი გახარიას მხარდამჭერ გვერდად გადაკეთდა.
აღნიშნული გვერდი, რომელიც არ იყო ოფიციალური, არამედ ჩვეულებრივი მხარდამჭერთა გვერდი იყო, მე და ჩემმა ძმამ, ირაკლი წულაიამ ჯერ კიდევ ,,ქართული ოცნების” დაფუძნებამდე, 2011 წლის ოქტომბერში შევქმენით.
2. ასევე, დეზინფორმაციაა, თითქოს, ჩემი საჯარო სამსახურში მუშაობისას ვმართავდი აღნიშნულ გვერდს.
რეალურად – მხარდამჭერ გვერდს მართავდა ჩემი ძმა.
3. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად სხვადასხვა პირების არაერთი მცდელობისა, მომხდარიყო გვერდის “დარეპორტება”, გამომდინარე იქიდან, რომ 2011 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, მხარდამჭერთა გვერდი ფუნქციონირებს სოცქსელის ყველა სტანდარტისა და წესის დაცვით, ,,ფეისბუქის,, მხრიდან მისი ფუნქციონირება არასოდეს შეფერხებულა (სოცქსელის მცოდნე ნებისმიერი ადამიანი მიხვდება ამის მნიშვნელობას).
4. გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომისთანავე, მივიღე გადაწყვეტილება და დავტოვე მთავრობის ადმინისტრაციის სტრატკომის დეპარტამენტის უფროსის პოზიცია. ამიტომ, აბსოლუტურად ლეგიტიმურად და ღიად, სწორედ ჩემი შეხედულებების შესაბამისად, ჩემს ძმასთან ერთად გავაგრძელებ აღნიშნული გვერდის მართვას”, – წერს გაბრიელ წულაია.
Bidzina Ivanishvili & Media ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერ პოსტებს აქვეყნებდა. გვერდმა სახელი 23 მარტს შეიცვალა და Bidzina Ivanishvili & Media-ს ნაცვლად Gakharia & Media გახდა.