საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩის ბილეთის შეძენისას მყიდველს გადაადგილების საშვი ავტომატურად მიენიჭება
“იქედან გამომდინარე, რომ საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩი, რომელზეც გულშემატკივრები დაიშვებიან, 20:00 საათზე იწყება, ბილეთების მფლობელებს ავტომატურად მიენიჭებათ 21:00 საათის შემდეგ გადაადგილების საშვი”, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ფეხბურთისა და რაგბის მატჩებზე მაყურებელთა 30% დაიშვება.
„მოგახსენებთ 28 მარტს დაგეგმილი საერთაშორისო მატჩების შესახებ, რომელიც გაიმართება რაგბსა და ფეხბურთში. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ მატჩებზე მოხდება გულშემატკივართა 30%-ის დაშვება – ცხადია, არსებული რეგულაციების გათვალისწინებით და ყველა ღონისძიება იქნება უზრუნველყოფილი იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად ჩატარდეს ეს შეხვედრები. რაგბის მატჩი გაიმართება 15:00 საათზე, ფეხბურთის მატჩი დაგეგმილია 20:00 საათზე, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ ის მოხვდება შეზღუდვების პერიოდში, თუმცა მიღებული გადაწყვეტილებით, ბილეთების გაყიდვისას ავტომატურად მფლობელს მიენიჭება გადაადგილების უფლება, რაც უზრუნველყოფს გულშემატკივართა სახლში დაბრუნებას მატჩის შემდგომ. დეტალური ინფორმაცია პროცედურებთან დაკავშირებით განთავსებული იქნება შესაბამისი ფედერაციებისა და tiket.ge-ის გვერდზე. ბილეთების გაყიდვა მოხდება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში. მიმდინარეობს მცირედი ტექნიკური სამუშაოები და უახლოეს პერიოდში უკვე, ფედერაციის გადაწყვეტილებით, დაიწყება ბილეთების გაყიდვა, რომ გულშემატკივარმა შეძლოს აღნიშნულ მატჩებზე დასწრება”, – განაცხადა ღიბრაძემ.