აკაკი ზოიძე: სიყალბე, ფარისევლობა და უზნეობაა, როდესაც თამბაქოთი გამოწვეულ აშკარა და ცნობილ საფრთხეებს არად აგდებს ადამიანი და განუზომლად უფრო მცირე რისკების მქონე ვაქცინის კოშმარებზე ერს მოძღვრავს
“სიყალბე, ფარისევლობა და უზნეობაა, თუ მეტი არა, როდესაც თამბაქოთი გამოწვეულ ამ აშკარა და ცნობილ საფრთხეებს არად აგდებს ადამიანი და განუზომლად უფრო მცირე რისკების მქონე ვაქცინის (ერთი ასი ათასთან, რომ რაიმე სერიოზული გვერდითი მოვლენა განვითარდეს) კოშმარებზე ერს მოძღვრავს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი, აკაკი ზოიძე სოციალურ ქსელში წერს.
ზოიძე ერთ-ერთი ექიმის ,,ფეისბუქლაივს” ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ცუდია, როდესაც ამ ფარისევლობის ზეიმს ბოლოს ათასობით მოწონება აქვს.
,,მორიგი ფეისბუქ ვარსკვლავის, “ექიმის” ლაივი მომხვდა თვალში გუშინ, რომელიც ერთდროულად აღტკინებული, კომპეტენტური და ზომიერად დამწუხრებული მოძღვრავს ერს ვაქცინგენოციდზე, რომელიც რატომღაც მხოლოდ ქართველებს გვემუქრება იმ პირობებში, როდესაც ასეულობით მილიონმა ადამიანი უსაფრთხოდ აიცრა და ამით სიკვდილს გადარჩა მსოფლიოში. მის ბოდვებზე არ გავამახვილებდი ყურადღებას, რომ არა ის უნებური პროტესტი, რაც ჩემში გამოიწვია ნანახსა მოსმენილს შორის წინააღმდეგობამ:
ბატონი მაღალ რეგისტრში ლაპარაკობდა ვაქცინაში შემავალი კომპონენტების, მათ შორის, პოლისორბიდ-80 ის (გაჭირვებით წაიკითხა სახელწოდებები) “მომაკვდინებელ” ეფექტზე (ცნობისათვის, ეს ნივთიერება ფართოდ გამოიყენება კვებით და ფარმაცევტულ-კოსმეტიკურ მრეწველობაში და მიიჩნევა საკმარისად უსაფრთხოდ). ამავდროულად, კადრში ჩანს თამბაქოს კოლოფი და თითებზე ეტყობა, რომ ერის გადამრჩენელი ინტენსიური მწეველია, ანუ იმ პროდუქტის რეგულარული მომხმარებელი, რომელიც შეიცავს არათუ რამდენიმე, არამედ – ათასობით ქიმიურ ნივთიერებას, მათ შორის, რადიოაქტიულს, 272 ცნობილ ტოქსინს (შხამს) და მინიმუმ 70 ცნობილ კანცეროგენს, ანუ კიბოს გამომწვევს და რომელსაც ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე აწერია, რომ კლავს!!!! თან ვიცით გამოცდილებით, რომ ეს ასეა და მარტო ჩვენს ქვეყანაში 11,000 ზე მეტი ადამიანი (ყოველი მეხუთე) ნაადრევად იღუპება ამ პროდუქტით გამოწვეული დაავადებებით.
ჩემთვის მინიმუმ სიყალბე, ფარისევლობა და უზნეობაა, თუ მეტი არა, როდესაც თამბაქოთი გამოწვეულ ამ აშკარა და ცნობილ საფრთხეებს არად აგდებს ადამიანი და განუზომლად უფრო მცირე რისკების მქონე ვაქცინის (ერთი ასი ათასთან, რომ რაიმე სერიოზული გვერდითი მოვლენა განვითარდეს) კოშმარებზე ერს მოძღვრავს.
ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ ფარისევლობის ზეიმს ბოლოს ათასობით მოწონება აქვს და გამოძახილსა და აუდიტორიას პოულობს”, – წერს აკაკი ზოიძე.