საქსტატი: 2020 წლის მეოთხე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი 6.8 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის მეოთხე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 13 907.0 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ 6.8 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი გაიზარდა 7.4 პროცენტით.

საქსტატის ცნობით, 2020 წლის მეოთხე კვარტალში კლების მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობები (-53.8 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (-26.7 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (-27.9 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა (-3.9 პროცენტი).

ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (7.2 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (5.2 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (6.3 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (3.7 პროცენტი).

ამასთან, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (15.8 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (12.0 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.9 პროცენტი), მშენებლობა (10.9 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.0 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (7.0 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (5.9 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.0 პროცენტი).

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები