გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატი: წინა დღეებში მეგის დაუნიშნეს რაღაც ტაბლეტები, ზუსტად რა ტაბლეტია თავადაც არ იცოდა – ოჯახის მთავარ ინტერესს წარმოადგენს, გაიგოს სიმართლე
“ოჯახის მთავარ ინტერესს წარმოადგენს, მეგის გარდაცვალების შესახებ სიმართლე გაიგოს”,– ამის შესახებ ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა, ვახტანგ ბარამაშვილმა განაცხადა.
ადვოკატის თქმით, ოჯახს აქვს კითხვები იმასთან დაკავშირებითაც, თუ რამდენად დროულად აღმოუჩინეს დახმარება ექთანს.
“ოჯახს აქვს კითხვები რამდენად დროულად აღმოუჩინეს დახმარება. ოჯახს აინტერესებს, ხომ არ იყო მეგი გარდაცვლილი უკვე ახალციხეში და ხომ არ მოხდა უკვე გარდაცვლილის თბილისში გადმოსვენება.
ოჯახის ინფორმაციით, წინა დღეების განმავლობაში მეგის დაუნიშნეს რაღაც ტაბლეტები, რაზეც არ ვართ ინფორმირებული ზუსტად რა ტაბლეტია, თავად მეგიმაც არ იცოდა, რა ტაბლეტებზეა საუბარი, რა აბები მიიღო. მათ შორის, ეს შესაძლოა საკვანძო აღმოჩნდეს.
მკლავზე აქვს სავარაუდოდ ალერგიული რეაქცია და ეს, რა თქმა უნდა, დამატებით ეჭვებს ბადებს. ოჯახის მთავარ ინტერესს წარმოადგენს, გაიგოს სიმართლე მეგის გარდაცვალების შესახებ”, – განაცხადა მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა.
ცნობისთვის, 27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.