“თუ რაიმე პოტენციური კითხვის ნიშანი არსებობს, ის აუცილებლად უნდა მოიხსნას, რომ სათუთად მოპოვებული ნდობა არ დაიკარგოს”, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ჯანდაცვის ექსპერტმა, აკაკი ზოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებული მთელი ინფორმაცია ძალიან სწრაფად და გამჭვირვალედ გამოქვეყნდეს.
„პანდემიის დამარცხების ერთადერთი ეფექტიანი ინსტრუმენტი დღეს სწორედ ვაქცინაციაა და ამ პროცესს დიდი ჩრდილი მიაყენა ამ ტრაგედიამ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებული მთელი ინფორმაცია ძალიან სწრაფად და გამჭვირვალედ გამოქვეყნდეს. იმედია, სასამართლო ექსპერტიზა ჩატარდება, ვინაიდან ამას გლობალური ყურადღება დაეთმობა. რაც შეიძლება სწრაფად უნდა დადგინდეს, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი – ანაფილაქსიური შოკი, რაიმე სხვა გართულება, რომლის შესახებ ჯერჯერობით არაფერი ვიცით, ან რაიმე შეცდომა ხომ არ იყო დაშვებული. თუ რაიმე პოტენციური კითხვის ნიშანი არსებობს, ის აუცილებლად უნდა მოიხსნას, რომ სათუთად მოპოვებული ნდობა არ დაიკარგოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არავის დარჩეს კითხვა შესაბამისი აღჭურვილობის არსებობის ან მედპერსონალის კვალიფიკაციის კუთხით. ის, რაც უკვე მოხდა, იმდენად დიდი გამონაკლისია, რომ ასობით მილიონ აცრილ ადამიანს შორის ეს უშუალოდ ვაქცინაციასთან დაკავშირებული პირველი ფატალური შემთხვევაა. ალბათ, ერთ კვირაში დაიდება სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა. უმნიშვნელოვანესია, რომ გამჭვირვალე ინფორმაცია მივაწოდოთ მოქალაქეებს და ავუხსნათ, რომ ეს არის უიშვიათესი შემთხვევა და ვაქცინის სარგებელი ათასგზის აჭარბებს შესაძლო ზიანს“, – განაცხადა ზოიძემ.
27 წლის ექთანი, რომელსაც ახალციხეში კორონავირუსზე აცრის შემდეგ მძიმე გვერდითი რეაქცია გამოუვლინდა, გარდაიცვალა.