ამირან გამყრელიძე: ჩვენი ცენტრის სახელით მინდა, გამოვთქვა ღრმა მწუხარება ჩვენი კოლეგის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც ვაქცინაციის პროცესს უკავშირდება

“ჩემი აქტიური ცხოვრების ნაწილი სწორედ იმ დარგს მივუძღვენი, რომლის გართულებაზეც ახლა არის საუბარი. ჩემი საექიმო პრაქტიკის განმავლობაში მინახავს ანაფილაქსიური შოკის ათეულობით შემთხვევა”, – ამის შესახებ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ანაფილაქსიური შოკი წლის განმავლობაში ძალიან ბევრ ქვეყანაში ფიქსირდება.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრის სახელით მინდა, გამოვთქვა ღრმა მწუხარება ამ ძალიან მძიმე, ჩვენი კოლეგის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ვაქცინაციის პროცესს. მოგეხსენებათ, ანაფილაქსიური შოკი წლის განმავლობაში ძალიან ბევრ ქვეყანაში ფიქსირდება და უპირატესად ის ფიქსირდება ანტიბიოტიკებსა და სხვადასხვა მედიკამენტზე. ეს შეიძლება, იყო ფუტკრის, ბზიკის ნაკბენზე სხვადასხვა კონტრასტულ ნივთიერებაზე და ა.შ. როდესაც ადამიანი ავად არის და მკურნალობს სხვადასხვა წამლით და ფიქსირდება ანაფილაქსიის შემდეგ მსგავსი გამოსავალი, ეს გასაგებია, მაგრამ როდესაც ვაქცინაცია ჯანმრთელ პოპულაციაზე ხორციელდება და დგება სავალალო შედეგი, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმეა. ჩვენ ხშირად ვიმეორებთ, რომ მედიცინა აბსოლუტური არ გახლავთ და ვისაც უექიმია, სამწუხაროდ ამ ტიპის ტრაგედიებთან შეხება ექნებოდა. პირადად ჩემთვის ეს ძალიან მძიმეა. ჩემი აქტიური ცხოვრების ნაწილი სწორედ იმ დარგს მივუძღვენი, რომლის გართულებაზეც ახლა არის საუბარი. ჩემი საექიმო პრაქტიკის განმავლობაში მინახავს ანაფილაქსიური შოკის ათეულობით შემთხვევა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანი, მეგი ბაქრაძე COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებიდან დაახლოებით 30-40 წუთში კომაში ჩავარდა. მეგი ბაქრაძე თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ საღამოს კატასტროფის მედიცინის ბრიგადის ეკიპაჟმა ჩამოიყვანა, ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები