„ოპოზიციამ აღარ იცის, საით წავიდეს, ისევ სპეკულირებს არჩევნების გაყალბების თემით, რისიც აღარავის სჯერა“ – ვეფხვია გულედანი

“ბრიუსელში წელში გამართული პრემიერის პრესკონფერენცია ვიხილეთ”, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს პლიტოლოგთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, ვეფხვია გულედანმა მედიაჰოლდინგ „კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

გულედანი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ არსებულ სიტუაციას. განსაკუთრებით, პრემიერის ვიზიტს ბრიუსელში და იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც ამ პერიოდის მანძილზე დაგროვდა. ბრიუსელში ვიზიტი საკმაოდ წარმატებული გამოდგა იმ კრიტიკული მდგომარეობის ფონზე, რომელიც საქართველოშია. ვგულისმობ ეკონომიკურ კრიზსს, ხელოვნურად ინსპირირებულ პოლიტიკურ კრიზისს და ა.შ.  მიუხედავად ამ ყველაფრისა, ბრიუსელში წელში გამართული პრემიერის პრესკონფერენცია ვიხილეთ. ასევე, საქართველოსთან მიმართებით მასპინძლების საკმაოდ პოზიტიური გზავნილები, არაერთხელ დადასტურებული მხარდაჭერა მოვისმინეთ, მზაობაა იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს და ამისკენ რეალური, ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, გატარდეს რეფორმები, რაზეც ისედაც უნდა მუშაობდეს, მათ შორის, ოპოზიციური სპექტრი. ახლა დრო კინკლაობაში, საბოტაჟში არ უნდა დაიკარგოს. ჩვენ ძალზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა ყურად იღოს ის გზავნილები, რომლებიც საქართველოსთვის საკეთილდღეო ქმედებებს ასახავს. მათ შორისა პარლამენტში შესვლა, იმ რეფორმების განხორციელება, რომელიც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობისთვის საფუძველი შეექმნას. ბევრისთვის შეიძლება, წარმოუდგენელიც არის, რომ საქართველო შეიძლება, ევროკავშირის წევრი გახდეს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ რელობას – ევროკავშირის მაღალი ტრიბუნიდან განხორციელდა გზავნილი, სადაც პირდაპირ არის ხაზგასმული, რომ 2023 წელს საქართველოს ევროკავშირის წვერობის სტატუსი უნდა იყოს განხილული. შესაბამისად, საქართველომ წევრობის შესახებ 2023 წელს უნდა განაცხადოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ძალიან ცოტა დრო რჩება იმისათვის, რომ განხორციელდეს ის რეფორმები, რომლებიც ან ევროკავშირის წევრობის მსურველი სახელმწიფოს სტანდარტებს ესადაგება, ან პირობითად გაუმჯობესებას საჭიროებს.

ჩვენ ამ ყველაფრის ფონზე ვუყურებთ ოპოზიციას, რომელიც ჯიუტად ამბობს, რომ პარლამენტში არ შევა, რომ არჩევნები გაუყალბეს. ამ დროს კი ვხედავთ საერთაშორისო გამოხმაურებებს, მათ შორის, ჟოზეფ ბორელმა პირდაპირ განაცხადა, რომ ეუთო-მ საპარლამენტო არჩევნები სამართლიანად და თავისუფლად მიიჩნია. ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო საზოგადოების მხრიდანაა აღიარებული და მასში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. არჩევნების გაყალბების საკითხი იყო საყრდენი, რაზეც ოპოზიცია იდგა და რაზეც ეს მასკარადი, ოპოზიციური ბოიკოტი, საბოტაჟი დგას. მათ ეს საყრდენი გამოეცალათ“, – განაცხადა გულედანმა.

მისივე თქმით, ოპოზიციის რეიტინგი ეცემა და ეს მათი დესტრუქციული ქმედებების გამო ხდება.

„დღეს ვხედავთ, რომ საფუძველგამოცლილმა ოპოზიციამ აღარ იცის, საით წავიდეს, ისევ სპეკულირებს არჩევნების გაყალბების თემით, რაც აღარავის სჯერა. საუბრობენ პოლიტიკურ პატიმრებზე. ამ დროს კი არსებობს კანონიერი გზა, რომ ოპოზიციამ გირაო გადაიხადოს და ეს ადამიანი თავისუფალი იქნება. ამას არ აკეთებენ, რადგან შემდეგ პოლიტიკურ პროცესში ვაჭრობის საფუძველი აღარ ექნებათ. ამ ნაბიჯებით ოპოზიცია თავის თავს აზიანებს. საპარლამენტო არჩევნებში, 2024 წელს ამ კურსით გაცილებით ნაკლებ მანდატს აიღებენ. მათი რეიტინგი უკან-უკან მიდის, ფსკერისკენ ეშვება თავიანთი დესტრუქციული ქმედებების გამო. ამაზე მთელი საერთაშორისო საზოგადოება ხმამაღლა საუბრობს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ერთერთი შეხვედრისას დიპლომატებმა პირდაპირ უთხრეს მათ, რომ პროცესი, რასაც ახორციელებენ, რუსეთის ინტერესებზე წყლის დასხმაა“, – განაცხადა გულედანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები