დემურ გიორხელიძე: ევროპა და ამერიკა დიდხანს ვერ დარჩება საქართველოს ძიძად, რომელსაც არა და არ სურს პოლიტიკური სიმწიფის ასაკში შესვლა

კრისტიან დანიელსონის საქართველოში ვიზიტის შესაძლო პოლიტიკურ შედეგებზე, ოპოზიციასა და პოზიციას შორის მოსალოდნელ მოლაპარაკებათა პროცესზე ,,კვირა“ ექსპერტ დემურ გიორხელიძეს ესაუბრა:

-პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში დანიელსონის ვიზიტის შემდეგ მაინც განიმუხტება?

-ძნელი სათქმელია, რადგან ქვეყანა ძალზე სერიოზული პოლიტიკურ კრიზისშია. ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება კიდევ 4 წლის განმავლობაში პარლამენტში მარტო ჯდომა. ამიტომაც, პოზიციაც და ოპოზიციაც ხვდება, რომ სიტუაციიდან გამოსავალი კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმებაა. ორივე მხარემ აკვიატებული იდეები გვერდზე უნდა გადადოს და რამეზე შეთანხმდნენ. კრიზისი უნდა განიმუხტოს, ამას ელის ქართველი ამომრჩეველი ორივე მხარისგან.

-იქმნება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციას ზოგიერთი ისეთი ახირება აქვს, რაზეც არცერთი ქვეყნის ჭკუათმყოფელი ხელისუფლება არ დათანხმდება.

-,,ქართული ოცნება“ იძულებულია, ითმინოს ,,ნაციონალური მოძრაობისა“ და მის ფრთებქვეშ შეყუჟული პოლიტიკოსების ახირებები, რომლებიც ნაკლებად ჰგვანან ოპოზიციურ ლიდერებს, რადგან სწორედ სახელისუფლო შეცდომების ხარჯზე 2012 წლის არჩევნების შემდეგ პოლიტიკური ველიდან საერთოდ გამქრალი ძალა სახელისუფლო პარტიამ კვლავ ფეხზე წამოაყენა და მეორე სიცოცხლე შთაბერა.

-საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, მოგვიანებით კი ევროპის საბჭოს პრეზიდენტი 4 თვეა, ცდილობენ პოზიციების დაახლოებას, თუმცა – უშედეგოდ…

-ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველ ყოვლისა, ის, რომ სახელისუფლო პარტიაში აღარ დარჩნენ ავტორიტეტები. პარტიული თანამდებობა ამომრჩევლის თვალში ავტორიტეტს ვერავის მატებს, თუ ადამიანის ის პოლიტიკური ბრძოლით არა აქვს მოპოვებული. მეორეც, მახინჯ სისტემდ მიმაჩნია ქვეყნის საშინაო პოლიტიკურ საკითხების განხილვაში უცხოელი მედიატორების ჩართვა. მოვლენ ევროპელი ლიდერები, თითს დაგვიქნევენ, ყურს აგვიწევენ და ამით ჩვენი შიდაპოლიტიკური პრობლემები გადაიჭრება? დანიელსონის კონკრეტული ვიზიტის შედეგი მაინც კოალიციურ მთავრობაზე შეთანხმება მგონია. კავკასიაში ისეთი გეოპოლიტიკური სიტუაცია იქმნება, ამ ტერიტორიაზე სისხლისღვრა და პოლიტიკური არეულობა აღარავის აწყობს.

-ფიქრობთ, რომ ევროპა ამერიკის დავალებით ასრულებს მედიატორის როლს საქართველოში?

-ევროპა დღევანდელ მსოფლიოში პოლიტიკური ამინდის შემქმნელი არ გახლავთ. მას საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესები პრობლემები აწუხებს და ის დიდწილად დამოკიდებულია ამერიკის შეერტებული შტატების პოლიტიკაზე. მთავარი პოლიტიკური მოთამაშეები კი რუსეთი და ამერიკა, ამერიკა და ჩინეთი გახლავთ, რომლებიც ჯერჯერობით ახერხებენ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების სტაბილიზაციას. ევროპას, როგორც ისტორიული დემოკრატიის აკვანს, ცხადია, უფლება აქვს საქართველოს უფროსი ძმის პოზიციიდან ელაპარაკოს, ყურიც აუწიოს და დატუქსოს კიდეც, თუ ამის საჭიროება დადგება.

-კოალიციური მთავრობის შესაძლებლობას არ გამორიცხავთ. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ,,ქართული ოცნება“ ამ სცენარს არ დათანხმდება?

-მაშინ მოხდება უარესი და პოლიტიკური პროცესები კიდევ უფრო მეტად შევა ჩიხში.

-იურიდიულად როგორ წარმოგიდგენიათ სახელისუფლო პორტფელების დათმობა ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის სასარგებლოდ?

-პარლამენტმა უნდა წარადგინოს ახალი მთავრობა და მთავრობის წევრთა შორის დაასახელოს ოპოზიციასთან შეთანხმებული კანდიდატები. ეს იქნება გამოსავალი. არ შეიძლება, ევროპელთა თვალში ჩვენ მარადიულ ბავშვებად დავრჩეთ, რომლებსაც არა და არ უნდათ პოლიტიკური გაზრდა. ბოლოს და ბოლოს, ევროპასაც და ამერიკასაც თავზე საყრელად აქვთ საკუთარი პრობლემები და ჩვენ ძიძებად დიდხანს ვერ დარჩებიან. აუცილებელია, ბოლოს და ბოლოს მივაღწიოთ პოლიტიკურ სიმწიფეს და ორივე მხარემ რაღაც დათმოს.

ია დანელია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები