გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 98-ე შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მკაცრად მოითხოვეს საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების: ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევის, ლაშა ხეთერელისა და რამაზ ბეღელურის უკანონო პატიმრობიდან უპირობოდ გათავისუფლება.
„დღევანდელ შეხვედრაზე უმთავრეს საკითხს წარმოადგენდა და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლებას”, – აღნიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ირაკლი ანთაძემ.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წინა შეხვედრიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს, რომელიც უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს, საფრთხეს უქმნის ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის პირად უსაფრთხოებას და ზღუდავს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თავისუფლად გადაადგილებას.
„ასევე, შედგა თემატური დისკუსია კონკრეტულ საკითხებსა და ფორმებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, გაკეთდა შეთავაზება, რომ ამ კონკრეტულ და ზოგადად ამგვარ შემთხვევებში აუცილებელია გამოყენებულ იქნას ჰუმანიტარული მიდგომა და საკითხი გადაწყდეს ჰუმანიტარულ პერსპექტივაში”, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
აქცენტი ასევე გაკეთდა არჩილ ტატუნაშვილის სასტიკ მკვლელობაზე, დავით ბაშარულის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების საკითხსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებზე. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრის წინასწარ თარიღად 2021 წლის 23 აპრილი განისაზღვრა.