საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კოლეგას მადლობა გადაუხადა მტკიცე მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა ქართული მხარის ერთგულებას როგორც აშშ-სთან ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის, ისე – არჩეული ევრო-ატლანტიკური კურსის მიმართ. გამოკვეთილად მხარდამჭერი იყო აშშ თავდაცვის მდივანიც. მან აღნიშნა, რომ საქართველოსთან, როგორც გამორჩეულ და საიმედო სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს აშშ თავდაცვის უწყებისთვის და გამოხატა მეტი ჩართულობისა და პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა. ყურადღება გამახვილდა ქართველი და ამერიკელი სამხედროების ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ერთობლივ მონაწილეობაზე და აღინიშნა, რომ „ჩვენ არა მხოლოდ ვშრომობთ ერთად უკეთესი მომავლისთვის, არამედ ვიბრძვით კიდეც ერთად მსოფლიო უსაფრთხოებისთვის.“

ჯუანშერ ბურჭულაძემ ლოიდ ოსტინთან საუბრისას რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების ფონზე აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-სთან მაღალი დონის შეხვედრები, ერთობლივი სამხედრო სწავლებები და ამერიკის მხარდაჭერა რეგიონში – ურყევი სტრატეგიული პარტნიორობის დემონსტრირებაა. მხარეებმა აშშ-საქართველოს ერთობლივ პროგრამებზე, მათ შორის, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) შესახებაც ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოების კუთხით გრძელვადიანი თანამშრომლობის გეგმებზე, რომლებიც მკაფიოდ განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოს სტანდარტებით განვითარების გრძელვადიან პრიორიტეტებს. მინისტრმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებულ განხორციელებაში აშშ-ის მხარდაჭერაზეც ისაუბრა და თანამშრომლობის არეალის გაფართოების სამომავლო პერსპექტივაზეც გაამახვილა ყურადღება. სატელეფონო საუბრის დასასრულს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის თავდაცვის მდივანს მადლობა გადაუხადა და უახლოეს მომავალში ოფიციალური შეხვედრის იმედი გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები